საზოგადოება

სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, ჩოლოიანი შეუძლოდ არის და ის მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებს.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close