პოლიტიკა

დავით ბაქრაძე – თუ ევროპის საბჭოს მინისტერიალი გაიმართება საქართველოში და რუსული დელეგაცია ჩამოვა, ამას ჩვენი მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვება

,,პირველი არხის“ ინფორმაციით,თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი გაიმართება საქართველოში და რუსული დელეგაცია ჩამოვა, ამას ჩვენი მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვება, გამოსავალი არის, რომ შეხვედრა გაიმართოს სტრასბურგში, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„ლავროვის ჩამოსვლას საქართველოში ექნება ძალიან მძიმე შედეგები. ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის დიალოგი მისაღებია. როცა შენი ეროვნული ინტერესი ითხოვს, დიალოგი უნდა აწარმოო მტერთანაც, ამიტომ ჩვენთვის არ არის პრობლემა ლავროვთან ან რუსეთის ხელისუფლებასთან გვქონდეს დიალოგი. მაგრამ ერთი არის, გქონდეს დიალოგი იმასთან, ვინც მიეკუთვნება იმ ადამიანების წრეს, რომელიც წლებია, იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ. ლავროვი არის ადამიანი, რომელიც წლებია, მუშაობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო აღიარებისთვის. ლავროვი არის ადამიანი, ვინც წლებია მუშაობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ოპონენტთან და მტერთან დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.

„ასეთი ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა არის მიუღებელი. თუ მინისტერიალი გაიმართა საქართველოში და რუსული დელეგაცია ჩამოვა, ამას მოჰყვება ჩვენი მხრიდან მწვავე პროტესტი. გამოსავალი არის მარტივი. თბილისის ნაცვლად, ეს შეხვედრა გაიმართოს სტრასბურგში, როგორც ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი საქართველოს მიღმა, ბევრ სხვა ქვეყანაში შეიძლება, მაგრამ თბილისში მისი სტუმრის სახით მიღება მიუღებელია.

„ჩვენ უნდა ვცეთ პატივი საკუთარ კანონმდებლობას, საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ეროვნულ ინტერესს. შეიძლება, ესაუბრო ჟენევაში, ბრიუსელში ან ვაშინგტონში. ძალიან ბევრი ადგილია მსოფლიოში, სადაც შეიძლება ესაუბრო ლავროვსაც და სხვებსაც. ადამიანი, რომელიც მთელს მსოფლიოში იბრძვის, რათა ცხინვალი და აფხაზეთი აღიარონ დამოუკიდებელ ქვეყნებად, ასეთი ადამიანი შენი ქვეყნის დედაქალაქში, როგორც სტუმარი, არ უნდა მიიღო. გამოსავალი არის, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს სტრასბურგში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.  მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close