მთავარიპოლიტიკა

კლაუდია როთი – ჩვენ, ევროპელებს პასუხისმგებლობა გვაქვს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს

,,პირველი არხის“ ინფორმაციით, ჩვენ, ევროპელებს პასუხისმგებლობა გვაქვს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ეს ძალიან ჰგავდა ოჯახის წევრთან შეხვედრას. შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ხალხზე. შესანიშნავი ქვეყანა გაქვთ. ვგრძნობ, რომ ჩვენ, ევროპელებს პასუხისმგებლობა გვაქვს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმ გამოწვევებში, რომლის წინაშეც ის დგას“,- აღნიშნა ბუნდესტაგის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ თქვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებზე. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, ჩათვალოს, რომ ეს საკითხი დასრულებულია და რომ საქართველომ მიიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. იქ არის ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. მე იქ ვიყავი, კონტროლირებად, არ მინდა ვთქვა, საზღვარზე, რადგან ეს არ არის საზღვარი, ის არის საქართველს შემადგენელი ნაწილი. ვესაუბრე ფერმერებს, ვნახე მომტირალი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. მათ საკუთარ სახლში დაბრუნება არ შეუძლიათ. გავიგე გატაცების შემთხვევების შესახებ – ეს ის თემებია, რაზეც ჩვენ, გერმანელებმა, ევროპელებმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. არ უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში, რაც მართლაც მიუღებელია, მაგრამ ასევე ეს რეალობა დგას საქართველოში“,- აღნიშნა როთმა.

უნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს რეგიონში.

„ვთვლი, რომ საქართვლოს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ის არის რეგიონში დამაკავშირებელი. საქართველოში არის სტაბილურობა და თქვენ გყავთ მეზობლები კონფლიქტებით. როდესაც გავიგე, რომ სომხები ამბობენ, ისინი არასდროს ჩავლენ აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ არასდროს ჩავლენ სომხეთში, მოდით შევხვდეთ საქართველოში, ერთად.

ასევე ვისაუბრეთ თქვენი ქვეყნის განვითარების შანსებზე. ვფიქრობ, რომ ტურიზმი ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ბევრი გერმანელი ჩამოდის საქართველოში და ვფიქრობ, ეს რიცხვი იზრდება“,- განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close