პოლიტიკა

ხმაური პარლამენტთან: ოპოზიცია აქცია-პერფორმანსს მართავს

პარლამენტის შენობასთან ერთერთ კედელზე ბოტასები და მოკლული ახალგაზრდების ფოტოები გამოჩნდააქციის მონაწილეები ასე ხვდებიან საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენას

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები დილიდან შეიკრიბნენ, რათა აქცია-პერფორმანსით პროტესტი გამოხატონ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის გამო.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატებმა შოთაძეს უნდა მოუსმინონ.

აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიიტანეს ბოტასები, როგორც სიმბოლო შოთაძის გენპროკურორობის პერიოდში დაშვებული შეცდომებისა და „შოთაძის პოლიტიკის” მსხვერპლთა ფოტოები – პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის, ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ფოტოები.

„ჩვენ პარლამენტში შესვლა გვსურდა, რათა შოთაძისთვის კონკრეტულ საქმეებზე კითხვები დაგვესვა – იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაზეც ბევრი კითხვა არსებობს და რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გაჩნდა. ამ ადამიანების ნაწილს დღეს თქვენ აქ ხედავთ. შოთაძე დამნაშავეა, რომელმაc გააყალბა აფგან მუხთარლის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დავით სარალიძის მკვლელობის საქმე, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე შოთაძეს არ შერჩება. იგი ამ თანამდებობაზე ყოველთვის არ იქნება”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

აქციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც დეპუტატები ირაკლი შოთაძეს, როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენენ.

გენპროკურორის პოსტი 2019 წლის დეკემბერში, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა და სისხლის სამართლის კოლეგიას ჩაუდგა სათავეში.

ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 2018 წელს საზოგადოების ზეწოლის ფონზე მას შემდეგ დატოვა, რაც პროკურატურამ არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close