
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გარდამტეხად მიიჩნევს. როგორც “არმენპრერსი” იუწყება, ფაშინიანმა ამის შესახებ აღნიშნა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
„ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას გარდამტეხი მომენტი აქვს. 2018 წლის მაისიდან აზერბაიჯანი ცდილობს დაარწმუნოს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომ სომხეთს უჭირავს დესტრუქციული პოზიცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით. ამ საუბარმა ნათლად აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სომხეთს აქვს კონსტრუქციული პოზიცია ხოლო აზერბაიჯანს ყარაბაღის მიმართ დამანგრეველი, რასისტული დამოკიდებულება აქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია“, – თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მეორე საყურადღებო შედეგი ის არის, რომ მან შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც სომეხ ხალხს მისცა.
„მე ვთქვი, რომ ყარაბაღის საკითხის მოლაპარაკების პროცესში სომეხი ხალხისაგან რაიმე დაფარული არ მექნება, წავიდა ის დრო როცა ყარაბაღის საკითხის არსს ფლობდა მხოლოდ ექსპერტთა ვიწრო წრე. მთელმა სომეხმა ხალხმა უნდა იცოდეს ყარაბაღის საკითხის არსი“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანმა დაუმატა, რომ შეხვედრაზე ”მოხდა ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი შინაარსის ფორმირება, რომელსაც პირობითად მიუნხენის პრინციპებს ვუწოდებ“, – თქვა ფაშინიანმა.
15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს გაიმართა დისკუსია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.