პოლიტიკა

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება

NEWS.ON.GE-ს ინფორმაციით, მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს,26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეეების დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც ზალკალიანმა თქვა, მინისტერიალის თბილისში ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. თუმცა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოს უნდა უზრუნველყო ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მინისტერიალში მონაწილეობა და მათ შორის, რუსეთის მხარისაც.

მინისტრის თქმით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტურად სრული გაგებაა მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებასთან დაკავშირებით.

“2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სურვილი გამოვთქვით, რომ მინისტერიალი თბილისში ჩატარებულიყო. რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. ჩვენ 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია”, — განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, არცერთ ძალას არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია და ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის.

ევროპის საბჭოს მინისტერიალი 14-15 მაისს უნდა გაიმართოს. საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, მინისტერიალისთვის თბილისში უნდა ემასპინძლა. თუმცა იმის გამო, ქვეყანაში შესაძლოა რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრები ჩამოსულიყვნენ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც, მინისტერიალის ჩატარების ადგილის შეცვლაზე მსჯელობა დაიწყო. 

ნახეთ მეტი
Back to top button