დიდი ხანია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შესვლა. არა პაპიანი

დღეს გაირკვა, რომ დიდი ხანია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ წამართვა საქართველოში შესვლის უფლება. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა კანადაში სომხეთის ყოფილმა ელჩმა არა პაპიანმა.
კერძოდ, მან აღნიშნა:
”რა თქმა უნდა, არ არის ჩამოყალიბებული ახსნა და არც შეიძლება იყოს. თუ ჩვენ გამოვრიცხავთ თურქულ ჩარევას, მაშინ ეს ფაქტი შეიძლება დავუკავშიროთ ჩემს მიერ დაწერილ სამ სხვადასხვა სამეცნიერო სტატიას, რომელიც გარკვეულწილად ეხება საქართველოს.
მე არასოდეს მითქვამს და არც დამიწერია რაიმე შეურაცმხყოფელი ან ყალბი სიტყვა არც საქართველოსა და არც ქართველი ხალხის მისამართით. დიახ, მე გამოვაქვეყნე და გამოვაქვეყნებ დოკუმენტებს და ფაქტებს, რომლებიც შეიძლება ზოგიერთებს, მათ შორის საქართველოს ზოგიერთ ხელისუფალს, არ მოსწონთ. მაგრამ ეს არ არის ჩემი პრობლემა. თუ ისინი არ ეთანხმებიან დოკუმენტებში არსებულ ფაქტს ან ინფორმაციას, მათ შეუძლიათ ასევე მეცნიერულად შეეწინააღმდეგონ. მაგრამ XXI საუკუნეში მეცნიერული აზრის და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა სრულიად არ შეეფერება ისეთ ქვეყანას, რომელიც თავს დემოკრატიულად თვლის”,-წერს არა პაპიანი.