კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი

საქართველოს ხელისუფლებისთვი დღეს უმთავრესი მიზანია არ დაუშვას ქვეყანაში იტალიის ანალოგიური მდგომარეობის შექმნა
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მთელი ძალით ცდილობს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას – მიღებული ზომების ჩამონათვალი დღითიდღე იზრდება.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25–ს აღწევს და მთავარი ამოცანაა არ მოხდეს ვირუსის მასობრივი გავრცელება. ძირითადი აქცენტი თავად მოსახლეობის მობილიზაციაზე გადადის.
„დასკვნა საკმაოდ სერიოზულია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების წინაშე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ამ დროისთვის გატარებული ზომების რიცხვშია (სია დღითიდღე ივსება):
ორგანიზაციების მუშაობა
შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24–საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.
სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ასეთივე რეკომენდაციები გაიცა კერძო კომპანიებისთვისაც.
მთავრობის გაფრთხილება: დამსაქმებელი ვალდებულია კარანტინის პერიოდი, რომელიც ბიულეტინთან არის გათანაბრებული, ანაზღაურდეს.
ხელისუფლებამ ეკონომიკის სტიმულირების საგანგებო გეგმის შემუშავება დაიწყო, რათა ტურისტული სექტორისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
კულტურა და სპორტი
რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები.
დაიკეტა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი.
მუშაობა შეწყვიტა დედაქალაქის ღამის კლუბებმა.
შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები.
გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა.
14 მარტს საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდო.
26 მარტს დაგეგმილ საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ქართული მხარე მატჩის გადადების მომხრეა.
სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საბავშვო ბაღები
ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.
დაიკეტა საბავშვო ბაღები.
პენიტენციური სისტემა
პრობაციონერებს უფლება აქვთ პრობაციის ბიუროში სავალდებული რეგისტრაციისთვის 14 აპრილამდე არ გამოცხადდნენ.
კოლონიებსა და საპატიმროებში აიკრძალა პაემნები, სანაცვლოდ გაიზარდა სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი.
საზღვარი და გადაადგილება
გაუქმდა ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან ავიამიმოსვლა.
მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ უცხოეთში გამგზავრებისგან.
ავტომატურ შემოწმებასა და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში ყოფნას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ მსოფლიოს რვა ქვეყანაში: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ავსტრიაში. უცხოელები იმ შემთხვევაში დააღწევენ თავს კარანტინს, თუ წარმოადგენენ PCR–ის ცნობას.
მთავრობა მუდმივ რეჟიმში შეახსენებს მოქალაქეებს:
„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ! კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს… კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.
„ცხელი ხაზის“ ნომრები: საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღეღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის სააგენტო – 116 001 (21:00 სამუშაო დღეებში და 18:00 დასვენების დღეებში).