ეკონომიკამთავარი

საქართველოში 100 წიაღისეულიდან აუქციონზე 60 წარმატებით გაიყიდა

ნათია თურნავას ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი ობიექტები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში გასხვისდა.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი 100 წიაღისეულის ობიექტიდან 60  უკვე გაყიდულია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

2020 წლის თებერვლიდან პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაც დაემატა, რომლის შედეგადაც სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე გავიდა  კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი 100 საბადო.
„მიუხედავად  კორონავირუსის გამო არსებული გლობალური გამოწვევისა, რომელიც გარკვეულ შეფერხებას იწვევს ბიზნესში, გუშინ საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 100 წიაღისეულის აუქციონი. 100 ობიექტიდან 60  საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამოვლენით გავყიდეთ, გავასხვისეთ ბიზნესზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ინვესტორები შემოვიდნენ 60 სხვადასხვა საბადოზე, აიღეს მინიმუმ 20 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც ჩაიდება  წიაღისეულის მოპოვებასა და გადამუშავებაში.

„ეს არის მინიმალური ვალდებულება, რეალური ინვესტიცია და ვალდებულება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, უფრო მაღალი იქნება“, -აღნიშნა მინისტრმა. 

მისი თქმით, აუქციონის წარმატება ნიშნავს, რომ კორონავირუსის პერიოდში ბიზნესი ენდობა მთავრობის  კოორდინირებულ ქმედებებს.

ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, ბიზნესსაც აქვს გარკვეული რწმენა, რომ ეს არის დროებითი პრობლემა, რომელიც ადრე თუ გვიან გადალახული იქნება. ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ მოქმედებებს კორონავირუსთან ბრძოლის და პრევენციის თვალსაზრისით და სწორედ ამის ნიშანია ის მაღალი ინტერესი, რაც მათ გუშინ გამოავლინეს  წიაღისეულის აუქციონის მიმართ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრების გამარტივებული პროცედურით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება – სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და სხვ.

ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმ მიზნით, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს. პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორმა საკუთრებაში უკვე 50 სახელმწიფო ობიექტი მიიღო.

ნახეთ მეტი
Back to top button