მთავარისაზოგადოება

18 მარტიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირით იკრძალება

„სპუტნიკი – საქართველო“. მთავრობის გადაწყვეტილებით, იკრძალება საზღვრის გადმოკვეთა, იხურება სამთო–სათხილამურო კურორტები და ასევე ტარდება სხვა ღონისძიებები.

18 მარტიდან საქართველოს საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალული იქნება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ. აკრძალვა ორი კვირა იმოქმედებს.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლესაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნებათ, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები.©

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით იხურება სამთო-სათხილამურო კურორტები. 

მთავრობა კაფეებსა და ბარებს აძლევს რეკომენდაციას, შეზღუდონ მუშაობა, რომელიც მოქალაქეების მომსახურებას უკავშირდება. მათ შეუძლიათ ფუნქციონირება „გატანის სერვისებით”, თუმცა, ჩიქოვანმა დასძინა, რომ მთავრობის რეკომენდაციაა – მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ადამიანებთან.

70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა მათი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული, აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანია, სტაციონარებში კი 54 პაციენტია მოთავსებული.

ნახეთ მეტი
Back to top button