საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია

,,რასიო თავისუფლების” ქართული განყოფილების მიხევით, 19 მარტის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება კორონავირუსით COVID-19 ინფიცირებული 31 პაციენტი. მათგან სამის მდგომარეობას ექიმები პრობლემურად მიიჩნევენ.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ რისკის შემცველი გარემოებების მქონე პაციენტებს შორისაა 80 წელზე უფროსი ასაკის ქალი, რომელსაც აქვს თანმხლები, მძიმე ნევროლოგიური დაავადება. „ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი ინფორმაციით, ამ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, რომელიც ასევე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტია.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პრობლემურად მიჩნეულ მეორე პაციენტს აქვს თანმხლები ჰიპერტონიული დაავადება, ამიტომ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია გართულება, დაავადების პროგრესირება და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი.

მესამე პაციენტის ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გაუარესება აჩვენა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების დაავადება სტაბილურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროგრესირება არ შეიმჩნევა.

დღეს, 19 მარტს დილით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსით დაავადებულებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გარდა მკურნალობენ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საჩხერის სამედიცინო ცენტრსა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

ნახეთ მეტი
Back to top button