საზოგადოება

პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს საპატიმროები მართვის ახალ ეტაპზე გადადის.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საპატიმროებში კორონავირუსის გარედან შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ჩვენი 780 თანამშრომელი შემდეგი კვირების განმავლობაში სასჯელაღსრულების საპატიმროების შენობებში იცხოვრებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრფინგზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის 08:00 საათიდან შევა.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი ამოქმედდება.

„საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და არ დატოვებს ტერიტორიას, რათა არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შიგნით შეტანას“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, 780 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში შეასრულებს თავის მოვალეობას, თითო ცვლაში დაახლოებით 400 ადამიანი იქნება, მორიგეობის შემდეგ კი ისინი საპატრიმროს ტერიოტორიაზე მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში დაისვენებენ.

„მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ გარკვეული ფინანსური შეღავათი, რათა მუშაობის ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირდეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 18. კარანტინში რჩება 4978 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.

23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ნახეთ მეტი
Back to top button