სპორტი

ჩაკვეტაძე მხითარიანის ნაცვლად: იტალიურ „რომას“ ქართველი ფეხბურთელის ყიდვა სურს

იტალიური სპორტული გამოცემები ქართველი ფეხბურთელის „რომაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ სტატიებითაა აჭრელებული.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, იტალიური საფეხბურთო კლუბი „რომა“ ზაფხულში საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის „გენტის“ ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის ყიდვას განიხილავს, აღნიშნულია იტალიურ რიგ სპორტულ გამოცემებში.

როგორც გამოცემა Giallorossi.net აღნიშნავს, გუნდს ზაფხულში ერთდროულად შუა ხაზის რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ესენი არიან ჩენგიზ უნდერი (თურქეთი), დიეგო პეროტი (არგენტინა) და ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი).

„თუ ეს ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ, გამოვა, რომ შემტევი ხაზის უკან სიცარიელე იქნება, რომლის შევსებაც აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ „რომა“ ითამაშებს სქემით 4–2–3–1, მაშინ ჩაკვეტაძის მოსვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება, რადგან მას სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. თუ მწვრთნელთა შტაბი უფრო შემტევ ვარიანტს აირჩევს 4–3–3, მაშინ ქართველი ნახევარმცველი იდეალურად მიესადაგება მარცხენა ფლანგს“, – წერს გამოცემა.

თავისი პოზიცია ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით გამოთქვა კიდევ ერთმა იტალიურმა გამოცემამ metropolitanmagazine.

„რომას“ სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაჩი მიიჩნევს, რომ განახლებულ გუნდში მთავარი ადგილი ჩაკვეტაძემ უნდა დაიკავოს. პეტრაჩიმ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯერ კიდევ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის დროს შენიშნა და სათანადოდ შეაფასა, როდესაც „რომა“ 1/16 ფინალში „გენტს“ შეხვდა“, – წერს გამოცემა.

ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს, სადაც ის თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. ამჟამად ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის ღირებულება შვიდ მილიონ ევროზე ცოტა ნაკლებს შეადგენს (გამოცემა transfermarkt.com-ის ვერსიით).

ბელგიურ კლუბში ჩაკვეტაძემ ყველა ტურნირში 62 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება „რომას“, იტალიის ჩემპიონატის 26 ტურის შემდეგ მას 45 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close