ეკონომიკა

ხელით არ შეეხო: საქართველოში სენსორული ღილაკების წარმოება დაიწყო

კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროების გამო ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ურჩევენ, საგნებს საზოგადოებრივ ადგილებში არ შეეხონ

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველოში უკონტაქტო სენსორული ღილაკების წარმოება დაიწყო, რათა ადამიანები რაც შეიძლება ნაკლებად შეეხონ ზედაპირებს საზოგადოებრივ ადგილებში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

წარმოება დაიწყეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის sensor.ge ავტორებმა.

სენსორული ღილაკები დამონტაჟდება ლიფტებში, ბანკომატებსა და სხვა ადგილებში. სენსორული ღილაკით სარგებლობისთვის საკმარისი იქნება, რომ მოქალაქემ 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან.

სენსორული ღილაკის სატესტო ვერსია უკვე დაამონტაჟეს „ტექნოპარკის“ ლიფტში. ინოვაციას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო.

„ეს არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც სამომავლოდ დაგვიცავს ვირუსის გავრცელებისგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში… ჩვენი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ეხმარება ამ სტარტაპს“, – განაცხადა თურნავამ.

პროექტისთვის გამოყოფილია 15 ათასი ლარის ოდენობის გრანტი. ეს თანხა პირველი პარტიის – 1 ათასი ცალი ღილაკის გამოშვებაზე იქნება მიმართული.

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 540.

ნახეთ მეტი
Back to top button