კარანტინი ქორწილის შემდეგ. როგორ მკურნალობენ ქანთარია მეუღლეები ერევანში ინფიცირებულებს

ბევრმა ახალგაზრდა წყვილის შესახებ შეიტყო ინტერნეტში გამოქვეყნებული ამაღელვებელი ფოტოს საშუალებით.
ერევანი, 19 აპრილი – Sputnik. სამედიცინო ცენტრ ,,წმინდა გრიგორ განმანათლებლის“ უროლოგმა გიორგი ქანთარიამ, რომელიც ნახევრად სომეხია, 2020 წლის 28 თებერვალს ცოლად შეირთო მეუღლე ტათევი. ერთი დღის შემდეგ, 1 მარტს, კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში. ამ დღიდან, წყვილი ყოველთვის ავადმყოფების გვერდით იმყოფება, მათ მაქსიმალურად უჭერენ მხარს.
მანამდე, სრ ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ნარეკ ვანესიანმა, გამოაქვეყნა ახალგაზრდა წყვილის ამაღელვებელი ფოტო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სძინავთ დივანზე მჯდარ ჩახუტებულ მეუღლეებს.
ქანთარია მეუღლეები სასტუმრო ,,ნაირი“-ში თვალყურს ადევნებენ კოვიდ -19 – ით ინფიცირებულ პირებს, რომელთაც არც ჩივილები და არც სიმპტომები არ აქვთ.
გიორგი დაიბადა ქუთაისში 1988 წელს, დედა სომეხია, ხოლო მამა – ქართველი. ის 11-12 წლის იყო, როდესაც ერევანში გადმოვიდა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი ჩაირიცხა ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლა განაგრძო მინსკში.
ერევანში დაბრუნების შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო სამედიცინო ცენტრ ,,წმინდა გრიგორ განმანათლებლში“. სწორედ იქ გაიცნო მისი მომავალი ცოლი, მედდა ტათევი.
სასტუმრო “ნაირში” კოვიდ-19-ის დიაგნოზით დაახლოებით 130 პაციენტია.
”არც ერთ მათგანს არ აქვს რაიმე სიმპტომი ან ჩივილი. ჩვენი ვალია თვალყური ვადევნოთ მათ და აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, პაციენტები საავადმყოფოში გადაჰყავთ”,- განუცხადა ქანთარიამ Sputnik Armenia- ს.
მისივე თქმით, სასტუმროში მყოფებს თვალყურს ადევნებს 16 მედმუშაკი, 2 პოლიციელი და სასტუმროს 2 თანამშრომელი.
მოვალეობების შესრულებაზე გადასვლამდე ყველამ მიიღო ინსტრუქცია ინფექციონისტებისგან. გიორგი ამბობს, რომ მათ გააცნეს კორონავირუსის, დაავადების სიმპტომების და მკურნალობის შესახებ.
სხვა ექიმების მსგავსად, ისინიც მუშაობენ სადღეღამისო რეჟიმში. კითხვაზე „ახერხებთ თუ არა ამოსუნთქვას და ყავის დალევას?“, გიორგის ეღიმება და ამბობს: ”რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდი ვართ. ერთმანეთს ვეხმარებით”.
პაციენტებს, ისევე როგორც სამედიცინო მუშაკებს, საკვები პროდუქტით უზრუნველყოფს ეროვნული კვების ქსელი “კარას”-ი.
გიორგი აღნიშნავს, რომ ვირუსი ისეთი საშიში არ არის, როგორც ჩანს. ის ურჩევს, პანიკაში არ ჩავარდნენ და დაიცვან ჰიგიენის ძირითადი წესები. ამ შემთხვევაში, დაინფიცირების რისკი თითქმის ნულია.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1248 მიაღწია, დაღუპულთა რიცხვმა კი – 20-ს.