თურნავა: ქართული წარმოების სამედიცინო ფარები ექსპორტზე გავა

კომპანია „ფავორიტი სტილი“ 26 წლის წინ დაარსდა და პანდემიამდე, ძირითადად, საბეჭდი მასალების წარმოებით იყო დაკავებული
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული კომპანია „ფავორიტი სტილის“ ერთ–ერთ საწარმოში დამზადებული სამედიცინო ფარები ექსპორტზე გადის, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა – ეკონომიკის სამინისტრომ სხვა სამთავრობო უწყებებთან და კერძო სექტორთან ერთად, რეკორდულად მოკლე პერიოდში შეძლო მათი ადგილობრივი წარმოების ორგანიზება.
„ჩვენ კომპანიას ნება დავრთეთ რომ დამცავი ფარების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ფართოდაა წარმოდგენილი, ექსპორტზე გაიტანოს. აღნიშნული სამედიცინო ფარები ძალზე მოთხოვნადია აშშ-ში, უკრაინასა და ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი კომპანია „ფავორიტი სტილის“ ერთ–ერთ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და 2020 წლის მარტიდან ბიოსამედიცინო კომბინიზონებს, დამცავ ფარებს, სათვალეებს და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს.
კომპანია „ფავორიტი სტილი“ 26 წლის წინ დაარსდა და ამ დრომდე ძირითადად საბეჭდ მასალებს აწარმოებდა. მიმდინარე წლის მარტში კი სპეციალური მანქანა-დანადგარები შეიძინა და ვირუსისგან დაცვის საშუალებების დამზადება დაიწყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 180 ათასი დოლარი შეადგინა. კომპანიის სამ საწარმოში 800 ადამიანია დასაქმებული.
ქვეყანაში დამცავ პირბადეებს ცხრა საწარმოში კერავენ. ერთ მილიონამდე პირბადე უკვე გადაეცა ქვეყნის ოთხ მსხვილ ფარმაცევტულ ქსელს, რომლებიც აფთიაქებში სუბსიდირებულ ფასში – 50 თეთრად იყიდება, მაშინ როდესაც პროდუქციის თვითღირებულება ორჯერ მეტია.