მთავარიპოლიტიკა

უახლოეს მომავალში მე წარმოგიდგენთ ასეთი კონცეფციის და სტრატეგიის პროექტს. ნიკოლ ფაშინიანის 24 აპრილის გზავნილი

News.am. სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ანა ჰაკობიანთან ერთად ეწვია სომეხთა გენოციდის მსხვერპლისადმი მიძღვნილ წიწერაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს. წელს ისინი მარტო იყვნენ, თანმხლები პირებიც კი არ ჰყავდათ.

სწორედ მემორიალთან პრემიერ-მინისტრმა გზავნილი გააკეთა, რომელშიც აღნიშნა:

”ძვირფასო ხალხო, სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქეებო,

არხახის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქეებო,

დიასპორის ამაყო სომხებო,


დღეს, 2020 წლის 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის 105-ე წლისთავია. მრავალი წლის განმავლობაში ოსმალეთის თურქეთის ანტისომხურმა პოლიტიკამ კულმინაციას მიაღწია 1915 წელს, ახალგაზრდა თურქეთის მთავრობის დროს. გენოციდის შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა და განხორციელდა სახელმწიფო პოლიტიკით, დასავლეთ სომხეთი მთლიანად დაიცალა სომხებისგან, 1,5 მილიონი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა, ასობით ათასი სომეხი გახდა დევნილი, ჩამოართვეს რა თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ცხოვრების უფლება.


სომეხთა გენოციდის შედეგად, სომეხმა ხალხმა არა მხოლოდ უზარმაზარი ადამიანური ზარალი განიცადა, არამედ წაერთვა სამშობლო და მის მიმართ განხორციელდა კულტურული გენოციდი. შეუქცევადი იყო ჩვენი ხალხის სულიერი და რელიგიური მემკვიდრეობის დაკარგვა, მისი მატერიალური ზიანი უზარმაზარი იყო. ოსმალეთის იმპერიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო დანაშაული არა მხოლოდ ჩვენი ხალხის იდენტურობის წინააღმდეგ, არამედ მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის წინააღმდეგ,  1915 წლის 24 აპრილი კი გახდა მთელი ამ პროცესის ძლიერი სიმბოლო, რადგან ამ დღეს ახალგაზრდა თურქებმა ასობით სომეხი ინტელექტუალი, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე დააპატიმრეს, გადაასახლეს, მოკლეს ან გააქრეს. უკვე 55 წელია, 24 აპრილს, ჩვენ ვიხსენებთ სომეხთა გენოციდის მსხვერპლს. პირველად იყო 1965 წელს, როდესაც ათასობით სომეხს მიეცა საშუალება იმ დღეს მოეწყო მასობრივი მოხსენიების ღონისძიება ერევანში. ეს განპირობებული იყო არა მხოლოდ სსრკ-ს დათბობის პერიოდებით, არამედ იმითაც, რომ 1946-1949 წლებში დაახლოებით 100 000 სომეხი, ძირითადად, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლები, დაბრუნდნენ სომხეთში და გახდნენ საბჭოთა სომხეთის სრულუფლებიანი ნაწილი, გააღვივეს რა აქ ნაღვერდლად დარჩენილი ტკივილი, ხსოვნა, მონატრება.

საბჭოთა სომხეთის მთავრობამ მიიღო 24 აპრილის  გენოციდის ხსოვნის დღედ გამოცხადების და წიწერაკაბერდზე გენოციდის მსხვერპლთა მოხსენიების მემორიალური კომპლექსის აშენების გადაწყვეტილება. ეს შესანიშნავი ძეგლი გახდა ჩვენი ხალხის მარადისობის ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული სიმბოლო. ამავე პერიოდში, სომეხთა დიასპორების კერებში დაიწყო მოძრაობა სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის. ამ მოძრაობას ათწლეულების განმავლობაში თავდაუზოგავად ხელმძღვანელობენ დიასპორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტრუქტურები. მათი თანმიმდევრული და დაუღალავი ნაბიჯების წყალობით იგი წარმატებულია ბევრ ქვეყანაში.

დღეს მსოფლიოს 30 ქვეყანამ ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი, ჩვენ მადლობელი ვართ ყველა იმ სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციის, რელიგიური და საერო ლიდერის, ვინც უცხადებს სოლიდარობას სომეხ ხალხს, ცნობს და გმობს სომეხთა გენოციდს.

ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს ჩვენი ხალხის შვილები მსოფლიოს ყველა კუთხეში იხსენებენ სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლს.

რატომ არ ქრება ჩვენი ემოციები საუკუნეების შემდეგ და მეხსიერების ლამპარი უფრო ნათდება ჩვენს გულებში? პასუხი მარტივია. საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ გენოციდის შედეგები არ აღმოიფხვრა. ჯერჯერობით, თურქეთს არ გამოუთქვამს სინანული მომხდარის გამო და ბოდიში არ მოუხდია. ამიტომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ გვახსოვს და მოვითხოვთ.

ამავე დროს, ჩვენ სომეხთა გენოციდის აღიარება მიგვაჩნია არა მხოლოდ  ჩვენ ეროვნულ, არამედ გლობალური დღის წესრიგის საკითხად, რადგან 24 აპრილი არ არის მხოლოდ ჩვენი უდანაშაულო მსხვერპლისთვის საკმევლის დღე.

არამედ ეს  ასევე არის კაცობრიობის წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაულის დღე, გენოციდსა და გენოციდურ ქმედებებზე კიდევ ერთხელ ხმის ამაღლების დღე, უარყოფის წინააღმდეგ და სიფხიზლისთვის ბრძოლის მოწოდების დღე. გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა მძიმე დანაშაულებისგან კაცობრიობის დაცვისათვის სახელმწიფოების პასუხისმგებლობის დადასტურების დღე.

ამასთან, 24 აპრილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომ ჩვენი ერი, ხალხი დაფიქრდეს წარსულსა და მომავალზე. საუკეთესო მომენტია საკუთარი თავის თვითმყოფადობის, ჩვენი ძალების და გასაკეთებელის შესაფასებლად.

რა დასკვნა უნდა გაკეთდეს 24 აპრილიდან? პირველი – 1915 წელს ახალგაზრდა თურქეთის მთავრობის მიერ სომეხი ხალხის მიმართ გამოტანილ იქნა სასიკვდილო განაჩენი, ყველა ძალები მიმართული იყო ამ განაჩენის აღსასრულებლად, 1,5 მილიონი სომხის მიმართ ეს განაჩენი აღსრულდა, მაგრამ სომეხი ხალხის მიმართ აღსრულება ვერ შეძლეს. 1,5 მილიონმა კურთხეულმა მოწამემ კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ნებისყოფა, ვიცხოვროთ, შევქმნათ, გავძლიერდეთ, გვახსოვვდეს და მოვითხოვოთ.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი დასკვნა შემდეგია: გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენი ხალხის წინაშე მდგარი გამოწვევები დღესაც არსებობს, და ამ გამოწვევებისგან არა მხოლოდ ამ  თავის დაღწევის,  არამედ მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთადერთი ეფექტური გზა და საშუალება ძლიერი სახელმწიფოებრიობაა, ძლიერი სახელმწიფო, ისეთი სომხეთი, რომელიც მზადაა წინააღმდეგობა გაუწიოს უსაფრთხოების ყველა  გამოწვევებს.

დიახ, ჩვენ უნდა ვცდილობთ რეგიონში არსებული ყველა განსხვავებისა და კონფლიქტის მოგვარებას, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, მოლაპარაკებების გზით და მშვიდობიანი გზით. მაგრამ ასეთი შედეგის მიღწევის რეალური შესაძლებლობა აქვს მხოლოდ მოქმედ, ღირსეულ და სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი ასეთი გზით.
დიახ, ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ გავაფართოვოთ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან, გავხადოთ ისინი უფრო ინსტიტუციური და სანდო, გავზარდოთ მსოფლიოში ჩვენი მეგობრების რაოდენობა, მაგრამ ასეთი შედეგის მიღწევა შეუძლია მხოლოდ მოქმედ, ღირსეულ და სუვერენულ სახელმწიფოს. იმისათვის, რომ გვქონდეს ქმედუნარიანი, ღირსეული და თავის თავის დაცვის უნარის მქონე სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს, დინამიურად განვითარებადი მაღალტექნოლოგიური ეკონომიკა, კარგად ჩამოყალიბებულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მძლავრი ჯარი და სპეცსამსახურები. ასეთი შედეგის მისაღწევად აუცილებელია სომეხთა მთელი პოტენციალის გაერთიანება.


ამის გაკეთება შესაძლებელია სრულიად სომეხთა სომხეთის სახელმწიფოებრიობის გარშემო გაერთიანებით, გაერთიანების საშუალებით, რომელიც გახდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სამეცნიერო, დიპლომატიური, ეკონომიკური წინსვლის სტიმული და გარანტი.
ამ პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენ უნდა შეგვეძლოს  ჩვენი ეროვნული კონცეფციის, ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის, ჩვენი ხედვის ფორმირება, რომელიც ჩამოაყალიბებს ქვეყნის მასშტაბურ შეთანხმებას ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენი თვითმყოფადობის დაცვის, შენარჩუნების, განვითარების, თანამედროვე სამყაროს და განსაკუთრებით ხვალინდელი სამყაროს პირობებში უფრო სიცოცხლისუნარიანად და კონკურენტუნარიანად გახდომის გარანტიებს შექმნის. უახლოეს მომავალში მე წარმოგიდგენთ ასეთი კონცეფციისა და სტრატეგიის პროექტს, რომელიც მიიღებს პან-სომხურ მსჯელობას.

ძვირფასო თანამემამულენო, წელს ჩვენ განსაკუთრებულ პირობებში ავღნიშნავთ 24 აპრილს. კორონავირუსის ახალმა ტიპმა ყველანი წარმოუდგენელ ვითარებაში ჩაგვაყენა. 55 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ტარდებოდა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სვლა ასი ათასობით მოქალაქეთა მონაწილეობით, წელს კი ის კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ კიდევ უფრო არ გავამძაფროთ ეპიდემიით გამოწვეული ისედაც დაძაბული სიტუაცია. უპირველეს ყოვლისა, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც გაითვალისწინეს მთავრობის ეს გადაწყვეტილება. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს ვითარებაში არიან ჩვენი თანამემამულეები დიასპორიდანაც, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის გამო ასევე ვერ შეძლეს მსვლელოებისა და მიტინგების ჩატარება. ამ კრიზისულ ვითარებაში, ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო დიდი მასშტაბით შევძლოთ 24 აპრილის მოვლენების გაშუქება, რადგანაც წელს ყოველივე ამას ადგილი ექნება ვირტუალურ სივრცეში და მსოფლიოს მილიონობით ადამიანს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში. მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ უნდა დარჩეთ სახლში და მხოლოდ თქვენი სახელი და გვარი გააგზავნოთ მოკლე ნომერზე,- 1915 თუ სომხეთში ხართ , +374 33 19 1500 – თუ უცხოეთში ხართ. ვირტუალური მსვლელობა დაიწყება საღამოს 10 საათზე და გაგრძელდება გათენებამდე. ამ მსვლეობაში მონაწილეობის უფლება აქვს ათასობით თქვენს უცხოელ მეგობარს და ნაცნობს. ძვირფასო თანამემამულეებო, 24 აპრილი მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და დისციპლინის სიმბოლოა, დღეს კი ეს სიმბოლო უნდა იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო თვალსაჩინო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება. ასე რომ, გაუმარჯოს თავისუფლებას, გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას, გაუმარჯოს სომეხ ხალხს, გაუმარჯოს სომხურ დიასპორას და გაუმარჯოს ჩვენს შვილებს, რომლებიც ცხოვრობენ და იცხოვრებენ თავისუფალ და ბედნიერ სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button