
არმენპრესი. სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ახალ ონლაინ გამოფენას თემაზე: ”თავდაცვითი ბრძოლები კილიკიაში, სომეხთა გენოციდის წლებში”. როგორც ,,არმენპრესს“ აცნობეს სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, გამოფენა ეძღვნება მარაშის, ჰაჭნისა და აინთაპის თავდაცვის 100 წლის იუბილეს.
”2020 წელს სრულდება მარაშის, ჰაჭნისა და აინთაპის თავდაცვის 100 წლის იუბილე, რასთან დაკავშირებითაც სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს, კილიკიის კათოლიკოსთან ერთად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს დაგეგმილი ჰქონდა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა და დროებითი გამოფენის ორგანიზება. მაგრამ, ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, კონფერენცია განუსაზღვრელი დროით გადაიდო, გამოფენა კი საზოგადოებას ონლაინ რეჟიმში წარედგენება სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის ოფიციალურ ვებსაიტზე და მის ფეისბუქგვერდზე.

დროებითი გამოფენა სახელწოდებით “თავდაცვის ბრძოლები კილიკიაში, სომხეთის გენოციდის წლებში” არის ორენოვანი (სომხური, ინგლისური) და მოიცავს თერთმეტ თემატიკურ პლატფორმას. წარმოდგენილია კილიკიის სომეხთა გენოციდის ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდები, დაწყებული გენოციდამდე ოსმალეთის იმპერიაში მათ სტატუსთან, მათ წვლილსა და ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხებით, დამთავრებული – დეპორტაციით, ხოცვით, საერთაშორისო დიპლომატიით, სომეხთა კილიკიიდან გადმოსახლებით. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული კილიკიის სომეხთა მიერ განხორციელებულ თავდაცვით ბრძოლებზე, მიმართული ჯერ ახალგაზრდა თურქთა რეჟიმის გენოციდური პოლიტიკის წინააღმდეგ (1915: ფინტიჩაგის, მუსას მთის თავდაცვები, ბრძოლა ამანოსისათვის), შემდეგ კი ქემალისტების წინააღმდეგ (1920, მარაშის, ჰაჭინი, აინთაპის თავდაცვები). სომხური თავდაცვითი ბრძოლები ნამდვილი გმირული ბრძოლები იყო, ძალზე არათანაბარ პირობებში ბრძოლა ოჯახისთვის, საკუთარი ცხოვრების, ღირსების და რწმენისთვის. გამოფენაზე განსაკუთრებული ხაზგასმითაა ასახული სომეხი ქალების როლი ამ ბრძოლაში. თითქმის ყველგან, სადაც მოხდა თავდაცვითი ბრძოლები, ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ მომზადების და ორგანიზების საკითხებში სანგრების გათხრაში, ბარიკადების აშენებაში, არამედ ქმრებთან ერთად მონაწილეობდნენ ფაქტობრივ საბრძოლო მოქმედებებში.
სტატისტიკური ცხრილი ასახავს სომეხთა რაოდენობას კილიკიაში, სომეხთა გენოციდის წინ და 1921 წლის 1 აპრილის მდგომარეობით.
თემატიკური პანელების გარდა, წარმოდგენილი იქნება სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის ექსკლუზიური ექსპონატები და კილიკიის სომეხთა ისტორიის მუზეუმის (ნორ ჰაჭნი) უნიკალური ექსპონატები, ამასთან დაკავშირებული ისტორიებით, რომლებიც ავლენენ ადამიანის ბედისწერებს, სომეხთა გენოციდის საშინელებებს და გმირულ ეპიზოდებს“,-აღნიშნულია სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.