პოლიტიკა

თუ ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უარესი ექნება — რადას დეპუტატი

News.on.ge. “თუ ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უფრო სერიოზული პრობლემები ექნება”, — ასე პასუხობს უკრაინის რადას დეპუტატი დავიდ არახამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომელიც სააკაშვილის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას მოყვა. არახამია ზელენსკის პარტიის, ხალხის მსახურის წევრია.

“ეს ხომ აშშ არ არის, რომელიც ამბობს, რომ დიპლომატიური პრობლემები გვექნება, ეს საქართველოა და ამას ნუ დაივიწყებენ. მე თვითონაც ქართველი ვარ და გადასარევად მესმის, როგორ განიხილავს მოქმედი მთავრობა სააკაშვილს. ეს, უბრალოდ, ზეწოლის მოხდენის მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა”, — განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მოძმე ერია და ისინი საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ. მისივე თქმით, ხელისუფლების რიტორიკა არასწორია და ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა განიხილებოდეს.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პოროშენკოს ბრძანებით ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

ნახეთ მეტი
Back to top button