პოლიტიკა

სააკაშვილს რეფორმების ეროვნულ საბჭოში შესვლა შესთავაზეს — უკრაინული მედია

News.on.ge. უკრაინული გამოცემა რბკ-უკრაინა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრობა შესთავაზეს.

“მთავრობაში დანიშვნის სირთულეების გამო განიხილება, რომ მას რეფორმების ეროვნულ საბჭოში შესვლა შესთავაზონ”, — ამბობს წყარო.

პეტრო პოროშენკოს დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პოროშენკოს ბრძანებით ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, სააკაშვილის კანდიდატურას რადაში კენჭს როდის უყრიან, სავარაუდოდ ეს ამ კვირაში იქნება. უმაღლესი რადას სპიკერმა, დმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არაა, რომ სააკაშვილის დანიშვნას მხარს დაუჭერს.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button