საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

ექიმები ორი დღის განმავლობაში პაციენტის დახმარებას თერაპიული მკურნალობით ცდილობდნენ, მაგრამ ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში პირველად გაუკეთეს ოპერაცია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, რომელსაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

ოპერაცია თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა. პაციენტის ასაკსა და სქესზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას ნაღვლის ბუშტის პრობლემა ჰქონდა.

კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას სიტყვებით, ორი დღის განმავლობაში პაციენტის დახმარებას თერაპიული მკურნალობით ცდილობდნენ, მაგრამ ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ოპერაცია ლაპარასკოპიის მეთოდით ნაღვლის ბუშტზე ჩატარდა.

„ექიმებს ოპერაციის ჩატარება სრული აღკაზმულობით მოუწიათ. ჩვენ ექთნის შეცვლაც კი დაგვჭირდა, რადგან ძალიან რთულია ასეთი აღკაზმულობით მუშაობა. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა“, – განაცხადა გადელიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 30 აპრილის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 539-ს მიაღწია, კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 178 ადამიანი, გარდაიცვალა 6. კარანტინში იმყოფება 5 256 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პაციენტია.

ნახეთ მეტი
Back to top button