მთავარიპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს თანამდებობას — უკრაინული მედია

News.on.ge.

გამოცემა უკრაინსკაია პრავდა იუწყება, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს უკრაინაში. უკრაინული გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია საკუთარმა წყარომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიაწოდა:

“სააკაშვილი უახლოეს დღეებში დაინიშნება. ჩვენ ვერ ვიტყვით რა პოზიციაზე დაინიშნება ის, რადგან ეს პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იგი მთავრობას დაეხმარება”.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხმა, ქართული მხარის გაღიზიანება გამოიწვია. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ელჩი გამოიწვიონ. ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებდნენ.

გუშინ, 30 აპრილს კი უკრაინის პრეზიდენტის თანაპარტიელმა, საპარლამენტო ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ თქვა, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანამშრომლობის სხვა ფორმატი შესთავაზეს. მან არ დააკონკრეტა რა თანამდებობაზეა საუბარი, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ეს პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივაა.

მანამდე კი უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ვიცე-პრემიერობის ნაცვლად, რეფორმების ეროვნულ საბჭოში შესვლა შესთავაზეს.

პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პრეზიდენტის ბრძანებით, ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა.

ნახეთ მეტი
Back to top button