საზოგადოება

თბილისში გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელსაც COVID-19-ზე ორი თვე მკურნალობდნენ

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

მისი სიტყვებით, პაციენტი იმ პირველ ხუთეულში შედიოდა, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ. იგი კლინიკაში ჯერ კიდევ 5 მარტს შეიყვანეს. პაციენტი ფაქტობრივად ჯანმრთელი იყო, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტესტის პასუხი დადებითი იყო.

ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან 10 ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ერთი პაციენტის შემთხვევაში კი წყარო ცნობილი არ არის.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 57 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. კლინიკაში ასევე მკურნალობს შვიდი მძიმე პაციენტი პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი არ შესულა და ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

ამ მომენტისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 66 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 მოზარდია.

რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი იმყოფება. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს 11 პაციენტი, რომელთაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.

კლინიკის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექიმები კიდევ სამი პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს.

ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 61 პაციენტი მკურნალობს. ექიმებმა ათ პაციენტთან დაკავშირებით პირველადი ტესტების უარყოფითი პასუხები მიიღეს და, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტების პასუხებიც უარყოფითი იქნება, კლინიკას კიდევ ათი პაციენტი დატოვებს. 

რეანიმაციულ განყოფილებაში ხუთი პაციენტი იმყოფება, ფილტვების ვენტილაციის ხელოვნურ აპარატზე ორი პაციენტია შეერთებული, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სტაბილურია კლინიკაში მოთავსებული ორი ორსული ქალის მდგომარეობა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ გვქონია. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირის შემდეგ COVID-ინფექციასთან ომს მოიგებს”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 240. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინში იმყოფება 4 919 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 497 პაციენტია.

ამ დროისათვის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 355 პაციენტი მკურნალობს.

ნახეთ მეტი
Back to top button