სააკაშვილის დანიშვნის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ

on.ge რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას. ზალკალიანი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.
“სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დაინიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც”, — აცხადებს ზალკალიანი.
მისივე თქმით, ელჩის გამოწვევა მიღებული პრაქტიკაა, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები.
“მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს”, — განაცხადა ზალკალიანმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.