პოლიტიკა

“არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან – არა” – ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს

New Posts. პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

იგი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა მას არაფერი უთქვამს 8 მარტის შეთანხმების მეორე საკითხზე, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება.

ოპოზიციში აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სრულად მოხდეს შეთანხმების განხორციელება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები ჩაშლილი იქნება.

“არის ასეთი გამოთქმა, არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არა ხარ. ასე არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება, ხელისუფლება ან ასრულებს შეთანხმებას მთლიანად, ან არ ასრულებს და ის პასუხს აგებს ამისათვის საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ეს არის დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქმნება სერიოზული არასტაბილურობის საფუძველი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები საქართველოს ზურგს აქცევენ” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე.

“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია, ოპოზიციის რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს თალაკვაძე.

კაპანაძე ამბობს, რომ შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული იქნა ორ რამეზე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო სისტემაზე. მისივე თქმით, ეს ორი საკითხი არის ერთ პაკეტში და თუ პოლიტპატიმრების ნაწილი შესრულდება, ოპოზიცია მზად არის მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას, ძალიან მარტივია ყველაფერი. მოსახლეობისთვის მეორედ თვალებში ნაცრის შეყრას, სჯობს, რომ აღებული ვალდებულება შეასრულონ”, – ამბობს სერგი კაპანაძე.

კაპანაძის თქმითვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არა ოპოზიციას, არამედ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

“გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, ამის მერე მოხდება პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ნორმალურ საარჩევნო პერიოდზე გადასვლა”, – ამბობს კაპანაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button