კახეთში სტიქიის შედეგად 20-მდე სოფელი დაზარალდა

თბილისი ,,ნოვოსტი გრუზია“. კახეთში სტიქიას ებრძვიან – ძლიერი წვიმის შედეგად, რომელიც ორი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების 20-მდე სოფელი დაზარალდა. ამის შესახებ განაცხადა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-მა.
ყვარელში მძლავრმა ნაკადებმა დაანგრიეს სამხერხაო და სახლი, რომელიც მდინარე დურუჯის ნაპირზე მდებარეობს. დაზიანებულია გზები. ტელეკომპანია ,,იმედის“ ცნობით, წინასწარი შეფასებით, დატბორილია 10 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
გამძვინვარებული მდინარის თავის ყოფილ კალაპოტში დასაბრუნებლად, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე კაბალი. დაზარალდნენ სოფლები გურგენიანი, წოდნისკარი, ვარდისუბანი, ქართიბანი, გიორგეთი, აპენი, ჭაბუკიანი და ლელიანი. დატბორილია სახნავი და საკარმიდამო ნაკვეთები, სათბურები, ვენახები, სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მასიური მასშტაბური წყალდიდობის მიზეზი იყო გაუმართავი სადრენაჟე სისტემები და არხები. მათი თქმით, ხელისუფლება არ არის ჩართული მათ გაწმენდასა და მომსახურებაში. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ უკვე რამდენიმე წელია არ ხდება დასახლებული პუნქტების სტიქიისაგან დამცავი სანაპირო ნაგებობების რემონტი. რაიონის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყალდიდობის შედეგად ისინი მოსავლის გარეშე დარჩნენ – განადგურდა ბოსტნეულის და პარკოსნების ნათესები. ბევრს ფრინველი დაეხოცა. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ მერიისგან.
”ამ ეტაპზე, სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საქალაქო, სამაშველო სამსახურები, სამელიორაციო სერვისები მუშაობენ ყველა იმ ობიექტზე, სადაც ახლა რამის გაკეთება შეუძლიათ”, – აღნიშნა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.
ყვარლისა და ლაგოდეხის ხელისუფლებამ ზიანის გაანგარიშება უკვე დაიწყო. კონკრეტული რიცხვები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
საქართველოში პარასკევს ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდა. უკვე რამდენიმე დღეა წვიმს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზოგიერთ რაიონში ამან გამოიწვია წყალდიდობა და მეწყრული მასების წარმოქმნა. მთებში თოვს, ზღვაში კი არ იკლებს ოთხ ბალიანი შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 მაისიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება.