საერთაშორისო

გახარია: საქართველომ კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

Sputnik. საქართველომ უნდა გამოიყენოს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი როგორც ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აჭარაში გამართა შეხვედრა სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ერთხელ განიხილა მთავრობის უახლოესი გეგმები ტურიზმის გახსნის კუთხით და გამოთქვა ხელისუფლების მზადყოფნა დაეხმაროს სექტორს მუშაობის აღდგენაში ახალი რეალიების გათვალისწინებით.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

„კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვებში, მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურირებაში, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება, ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ახლა ისეთ კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში ვმოგზაურობთ, არა, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგებს საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გახარიას თქმით, საუბარია მცირე, მობილურ ზონებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button