პოლიტიკა

მარგველაშვილი: ქართული ოცნება საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა

News.on.ge. საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, ამას არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში ჩახედული პირები ამჩნევენ, არამედ საერთაშორისო პარტნიორებმაც არაერთხელ მიუთითეს ქვეყანას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ოცნების იმიჯი ქვეყანაზე არ აისახოს და პარტნიორებს საქართველო არ ეგონოთ თაღლითების ერი.

“ჩვენ, სამწუხაროდ, ვართ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება ისეთი პერმანენტულობით იტყუება, რომ ეს გახდა უბრალოდ სტილი და ფორმა, ამ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიური საფუძველი. ამის გარდა იმდენჯერ მოვისმინეთ ჩვენ ამ საკითხზე პირდაპირი, არაპირდაპირი, დიპლომატიური განცხადებები სხვადასხვა მოანწილეების, რომ მარტივია კიდევ ერთხელ, ძალიან შეურაცხყოფილად ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, პარტნიორებისთვის, ვხედავთ კიდევ ერთ მარტივ, თაღლითურ მცდელობას, გაექცე პასუხისმგებლობას”, — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ ეწერა არცერთი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხი და ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პასუხად მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციას ცვლილებების ჩაგდება სურს.

8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.

“ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, — წერია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button