პოლიტიკა

თუ ქართული ოცნება პირობებს არ შეასრულებს, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს — კუბილიუსი სანქციებზე

News.on.ge. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, სანქციების დაწესება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. TV პირველთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ თუკი მმართველი გუნდი მათ ნდობას ვერ შეინარჩუნებს და დადებულ პირობებს არ შეასრულებს, “შეიძლება, ყველაფერი მოხდეს”

“მოვუწოდებ მათ, არ გაყვნენ იანუკოვიჩის მაგალითს, რომელიც ოპონენტებს ციხეში უშვებდა. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დაამთავრა მან. არ გვინდა, საქართველოს ხელისუფლებამაც ეს ცუდი ბედი გაიზიაროს”.

კუბილიუსის თქმითვე, ევროკავშირის მხარდაჭერა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, ეს დემოკრატიის განვითარებასაც გულისხმობსთავის თავში.

“ამიტომაც ვარ შეშფოთებული, შეთანხმება, რომელსაც ხელი მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს, ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სრულად შესრულებული, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. შეთანხმება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს არ გულისხმობს, გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მართლმსაჯულების პოლიტიკისგან დაცლას. სწორედ ამ პირობას არ ასრულებს ხელისუფლება.

საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს დახმარებას უზრუნველყოფენ, გვიჩნდება კითხვები და ეჭვებიც უფრო იზრდება. შესაძლოა, პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერა არ შევწყვიტოთ, მაგრამ ხელისუფლება რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას, რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის გაქრობასა”, — ამბობს კუბილიუსი TV პირველის თარგმანის მიხედვით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close