მთავარისაერთაშორისო

მთელს საქართველოს ბროკოლით მარნეულელი სომხები ამარაგებენ

სომხებით  დასახლებული  მარნეულის რაიონის სოფელი წითელი   ეპიდემიის ამ დღეებში ბროკოლით უზრუნველყოფს  თითქმის მთელს საქართველოს.  მიუხედავად მარნეულში კორონავირუსის მკაცრი რეჟიმისა, მარნეულელი ფერმერები ბროკოლსა და  სხვა იშვიათ ბოსტნეულს აწოდებენ დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რაიონებს.

ამ  ბოლო წლებში, ბროკოლი გახდა სომხებით დასახლებული მარნეულის რაიონის სოფელწითელის ბრენდი.  აქ თითქმის ყველა მეორე ოჯახი დაკავებულია  ბროკოლის, სავოის და ბრიუსელის კომბოსტოს წარმოებით. აქ კომბოსტოს ათზე მეტ სახეობას ზრდიან, მათგან ბევრი უნიკალურია საქართველოს ბაზარზე.

სოფელში არატრადიციული ბოსტნეულის წარმოება იმდენად დიდი მოთხოვნით სარგებლობს ქვეყანაში, რომ მარნეულელ ფერმერთა  მოსავალი საკარანტინო რეჟიმშიც კი ძალიან სწრაფად იყიდება. ლილი ფანოსიანი ამბობს:

„როდესაც სათბურის მოსავალი უნდა გაყიდულიყო,  რეგიონში ამ ეტაპზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესეს.  პირველი კვირა ძალიან მკაცრი იყო, არ ვიცოდით რა გვექნა  და სანამდე უნდა შეგვენახა მოსავალი. განცხადებით მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას.  ახლა თბილისიდან ჩამოდიან და მიაქვთ“.

ჩემი თანამოსაუბრე ამბობს, რომ მისი ოჯახი ბროკოლის ერთ ჰექტარზე  წელიწადში 10 000 ლარს (3000 დოლარზე მეტს) მოგებას ღებულობს.

ამ დღეებში, როცა მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მყოფი რეგიონის სხვა სოფლების ფერმერები აქციებს მართავენ იმისთვის, რომ ვერ ახერხებენ თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვას, სოფელ წითელის მცხოვრებლებს მსგავსი პრობლემა არ გააჩნიათ, მათ პროდუქციას ისინი დაუბრკოლებლად ასაღებენ.

გარდა იმისა, რომ სოფელს აქვს ხელსაყრელი კლიმატური პირობები, ის ასევე მდებარეობს რეგიონის მჭიდროდ დასახლებულ იმ   ნაწილში, სადაც გამვლელ მატარებელს მხოლოდ ამ სოფელში აქვს გაჩერება.

საბჭოთა კავშირის დაარსებამდე, წითელს ერქვა მანთაშოვკა დიდი სომეხი ნავთობის მწარმოებლისა და ქველმოქმედის ალექსანდრე მანთაშოვის საპატივცემულოდ. სოფლის მიწები მანთაშოვს ეკუთვნოდა, ხოლო მე -20 საუკუნის დასაწყისში ისინი გადაეცათ სომხებს, რომლებიც აქ გადმოვიდნენ დასავლეთ სომხეთიდან და თავრიზიდან. სოფლის მკვიდრი არაიკ  აკობიანი ამბობს, რომ არსებობს სოფლის დაარსების ერთი ისტორია, რომელიც ყველამ იცის:  „მანთაშოვმა, რომლის რეზიდენციაც ახლომდებარე სოფელ შაუმიანში იყო, მისი მიწების შემოვლის დროს, აქ დაინახა პატარა სახლი  წარწერით: «дом манташева, живут Сааковы»  („მანთაშოვის სახლი, ცხოვრობენ სააკოვები“).  ამის დანახვაზე მანთაშოვი მოუწოდებს აქ სახლები ააშენონ და იცხოვრონ.  

საქართველოს სომხებით დასახლებული სოფელ წითელისა და საერთოდ მარნეულის რაიონის მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან მოხსნილია და სოფელში აღდგენილია თავისუფალი შესვლა-გამოსვლა.

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button