პოლიტიკა

რუსთავი 2-ის პროცესს გავაგრძელებ, ამას ხელახლა მივყვები — ირაკლი ოქრუაშვილი

News.on.ge. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავას გააგრძელებს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა. ოქრუაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსთავი 2 იყო მისი დაპატიმრების განსაკუთრებული ფაქტორი, მაგრამ არამარტო:

“მთავარი იყო ივანიშვილის ხასიათი. მას მოსწონს სრულფასოვნად მორჩილი ადამიანები. ვერ ეგუება დამოუკიდებელი აზრის მქონე ადამიანებს. […] რუსთავი 2-ის პროცესს გავაგრძელებ, ამას ხელახლა მივყვები. საქმე განახლებადია და განახლებულიცაა. ამ პროცესის მთავარი გახსნა არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ცვლილების შედეგად მოხდება. თუ ოდესმე მოხდა და ხელისუფლება მე დავიბრუნე, ვაპირებ მაქსიმალურად სწრაფად მოვიშორო, ოღონდ მოშორება არ ნიშნავს, რომ ვინმეს მივყიდი. გავაჩუქებ გარკვეული ადამიანების წრეზე. მაშინ იყო პერსპექტივა, რომ კოლექტივისთვის მიმეცა, ხვალაც გამოჩნდება ასეთი ხალხი”.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მანამდე, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში წავიდა, თუმცა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაბრუნდა და ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. მან თქვა, რომ რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა, ქიბარ ხალვაში კი ნომინალური ფიგურა იყო. მისივე განცხადებით, აქვს დოკუმენტი, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს და რომელსაც ხელს ქიბარ ხალვაში აწერს. მან ამ ხელმოწერის ექსპერტიზა მოითხოვა, ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უკვე იმყოფებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button