პოლიტიკა

GDI მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს შეზღუდვების კანონპროექტს

NEws.on.ge. ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, იგი შეუსაბამოა კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან და ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს.

  • GDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ კანონპროექტს და დაიწყოს მუშაობა კონსტიტუციასთან შესაბამი კანონპროექტის შემუშავებაზე;
  • GDI გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში და წვლილი შეიტანოს კანონმდებლობის დახვეწაში.

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში გამოყოფს მათ მიერ გამოვლენილ კონკრეტულ ხარვეზებსაც:

“კანონპროექტი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, რომ უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე”.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონპროექტით ერთი მხრივ გაფართოებულია საკარანტინო ღონისძიებების ცნება, მეორე მხრივ კი ამ ღონისძიებებს კონკრეტულ შემთხვევებში მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება განსაზღვრავს.

GDI-ს შეფასებით, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მთლიანად მთავრობაზე დელეგირება, ისე რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს უფლების შეზღუდვის წინაპირობებსა თუ მასშტაბს, ეწინააღმდეგება კონტიტუციურ მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს.

“კანონპროექტი არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს”.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტში ბუნდოვანია ის, თუ რა შემთხვევაში ჩათვლის შესაბამისი სახელმწიფო უწყება პირს “შესაძლო ინფიცირებულად”, ან რა ჩაითვლება “ფიზიკურ პირთა მიერ სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრად”.

“კანონპროექტი ზრდის შეზღუდვების თვითნებურად და არაპროპორციულად გამოყენების რისკებს”.

GDI-ს განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც კანონი არ ადგენს კონკრეტულ წინაპირობებსა და უფლების შეზღუდვის ფარგლებს, აღნიშნული მოთხოვნების და არააუცილებელი/არაპროპორციული საშუალებების გამოყენების რისკები მთავრობის მხრიდან საკმაოდ მაღალია.

“მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სხდომების საჯაროობა”.

კანონპროექტით ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ 185-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც დასაშვებს ხდის პანდემიის დროს პროცესის დისტანციურად გამართვას.

“ამგვარი შესაძლებლობის შემოტანა თავისთავად დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სხდომების საჯაროობა (იმ საგამონაკლისო წესების გათვალისწინებით, რაც ზოგადად არსებობის სხდომის დახურვასთან დაკავშირებით), რასთან დაკავშირებითაც საგანგებო მდგომარეობის დროს უკვე არსებობდა პრობლემა”, — წერია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button