საზოგადოება

საქართველოში ცნობით: ტურისტებს ე.წ. COVID-პასპორტის მსგავს დოკუმენტს მოსთხოვენ

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, სასურველია, რომ მიმდინარე წელს ეს მიმართულება უფრო განვითარდეს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შეიძლება იმის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალოთ, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და პასუხი უარყოფითი იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

გამყრელიძის სიტყვებით, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და ტურისტების საერთაშორისო და საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით მიღება. 

ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას პირველ რიგში შეძლებენ ე.წ. „მწვანე ზონებიდან“, სადაც ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია, აღნიშნა გამყრელიძემ, თან დასძინა, რომ მოხდება ქვეყანაში სტუმრების ჩამოსვლისა და გადაადგილების პირობების ზუსტი დადგენა.

„ალბათ შემოვა ე.წ. COVID-პასპორტის მსგავსი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბოლო 72 საათში ადამიანი გამოკვლეულია და მას PCR-ტესტზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. შემდეგ კიდევ არსებობს მიდევნების აპლიკაციები და ბევრი სხვა მექანიზმი. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, გამყრელიძის სიტყვებით, სასურველია, რომ მიმდინარე წელს ეს მიმართულება უფრო განვითარდეს.

„წელს შიდა ტურიზმი უფრო მეტად უნდა განვითარდეს და მინდა, რომ ჩვენი საქართველო უკეთ გაიცნონ… ჩვენ ტესტირებას სერიოზულად ვაფართოვებთ. ოთხჯერ გავაფართოვეთ PCR–ტესტირება და ივნისში დღეში 3 ათასზე ავალთ. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ეს აუცილებელია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ. ტურისტული სექტორი და სასტუმროები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სპეციალურ რეკომენდაციებს მიიღებენ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ისეთ კურორტებზე, როგორიცაა წყალტუბო, ბორჯომი, აბასთუმანი, ბაკურიანი, გუდაური, ბათუმი და ა.შ. 

პანდემიის გამო ახალი გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საქართველო იმიჯს შეიცვლის და პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ტურისტების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმოს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს. ეს შეეხება როგორც აეროპორტებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ისე სასტუმროებს, გიდების მომსახურებას, კვების ობიექტების, ასევე ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტის მუშაობას.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, 723-ს მიაღწია. გამოჯამრთელებულია 495, გარდაცვლილია 12. კარანტინში იმყოფება 3 259 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 323. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში სამი თანამემამულეა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close