საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ოლიმპიადა იწყება

,,ნოვოსტი არმენია“ წერს, რომ ხუთშაბათიდან საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ოლიმპიადა იწყება. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლებათ არაქართულენოვანი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 200-მდე მონაწილემ, საიდანაც რამდენიმე განაცხადი შეირჩა. პროექტის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.
„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადის ჩატარება. წელს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. წელს ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. ასევე, დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.
პროექტის ფეისბუქ გვერდზე – „ჩვენი ქართული ენა“ პერიოდულად გაიმართება ვიქტორინები. დასმულ კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები მოიგებენ წამახალისებელ საჩუქრებს. დაგეგმილია აქტივობა, თავისუფალი თემის დაწერა, სათაურით „ჩვენი ქართული ენა“.
ამასთან, საქართველოს პირველი არხი – განათლების ეთერში, „ტელესკოლაში“ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.