საზოგადოება

არავითარი ვანდალიზმი არ ყოფილა. საქართველოს სომხური ეპარქიის სასულიერო პირი ირწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ საქართველოს სომხური ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო საწინამძღვროს მოძღვარმა მაღაქია ამირიანმა ,,სპუტნიკი სომხეთი“-ს კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სომხური ეკლესიის წაბილწვის და  ვანდალიზმის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

მანამდე, საქართველოს სულიერი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იტყობინებოდა, რომ უცნობმა პირებმა დააზიანეს სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანში მდებარე წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მონასტერი და მონასტრის ეზოში მდებარე საფლავები. სააგენტოს საკონტროლო სამსახურის ინსპექციის ჯგუფის თანამშრომლებმა მრავალი დაზიანებული ადგილი იპოვნეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკის კვალი იქნა ნაპოვნი ეკლესიის ეზოში, შენობის სამ ფასადზე – დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს.  დაზიანებულია საფლავები, ყველგან მიმოფანტულია ადამიანის ნაშთები, დაზიანებულია აგრეთვე მონასტრის კედელი და კარიბჭე. სააგენტოს განცხადებიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე.

”არავითარი ვანდალიზმი არ ყოფილა, საფლავებიც არ განადგურებულა. ჩვენ ამას უარვყოფთ”,- აღნიშნა ამირიანმა.
XIX საუკუნის მონასტერი ჩამონგრევის პირასაა. ამირიანმა აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობამ მონასტრის აღდგენის თხოვნით მიმართა საწინამძღვროს, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტს.
ამ მიზნით ახალციხიდან მიიწვიეს  გეოლოგი. სპეციალისტმა მიწა სამ ადგილზე ამოთხარა, რომ დასკვნა მიეწოდებინა საძირკვლის მდგომარეობისა და მონასტრის აღდგენითი სამუშაოების მოცულობის შესახებ. ამირიანმა განმარტა, რომ საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა ამ სამუშაოების დაწყების შესახებ ნებართვა გასცეს.

”გეოლოგმა შეასრულა თავისი სამუშაო და დასკვნა გამოგვიგზავნა”, – აღნიშნა მოძღვარმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ საწინამძღვრომ ვითარება წარმოადგინა  და საჭირო ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავ ორგანოებს. ისინი იმედოვნებენ, რომ საკითხი ამით დაიხურება.
”ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ ეს გაკეთდა ჩვენი ცნობით და არავითარი ვანდალიზმი არ ყოფილა”, – აღნიშნა ამირიანმა.

მოძღვარი ვერ ხედავს რაიმე გავლენას სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებში. იგი თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმე დაჩქარების შედეგად აღიძრა, მეტი არაფერი.
ამირიანმა აღნიშნა, რომ ეკლესიას აღდგენა სჭირდება, და ეს საკმაოდ დიდი სამუშაო იქნება, რაც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამიტომ ძნელი სათქმელია, რა დაჯდება მონასტრის აღდგენა. ცნობილია, რომ ხარჯებს დაფარავს სოფლის მოსახლეობა.
ამჟამად საწინამძღვრო აგროვებს საჭირო დოკუმენტებს სამინისტროსთვის გადასაცემად.


ნახეთ მეტი
Back to top button