კულტურა

თბილისი მსოფლიოს გასტრონომიული ქალაქების ქსელის წევრი გახდა

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ თბილისი მსოფლიოს გასტრონომიული ქალაქების პროფესიონალური ქსელის – Délice Network – წევრი გახდა.

როგორც თბილისის მერია იუწყება, Délice Network – არის ქსელი, რომელიც ხელს უწყობს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას ქსელის წევრ ქალაქებში. Délice აერთიანებს ქალაქებს, რომლებისთვისაც გასტრონომია და გასტროტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და ტურისტების მიზიდვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

ქსელის მიზანია – ქალაქების დახმარება გასტრონომიული ბრენდის რეალიზებაში საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ხორცშესხმის გზით, ასევე ხელშეწყობა ქალაქური ეკონომიკის განვითარებასა და ქალაქური ტურიზმის პოპულარიზაციაში.

ქსელის წევრ ქალაქებს შეუძლიათ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება და პარტნიორული ურთიერთობების გაბმა, ერთობლივი პროექტების რეალიზება და სხვ. ქსელის წევრობის ფარგლებში თბილისი შეძლებს გასტრონომიული ტურიზმის გასავითარებლად სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.

„თბილისის მიერ წარდგენილ განაცხადს Délice Network-ის წევრი ქალაქები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: ჰონგ-კონგი, ბუენოს-აირესი, გეტებორგი, ბორდო, რიგა, კობი და მონრეალი განსაკუთრებით აღნიშნავენ თბილისის უნიკალურ გასტრონომიულ კულტურას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. თბილისი კავკასიის რეგიონიდან პირველი ქალაქია, რომელიც ორგანიზაციის წევრი გახდა და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – ნათქვამია Délice Network-ის ოფიციალურ განცხადებაში.

თბილისის მერიასთან თანამშრომლობით იგეგმება პროექტების რეალიზება გასტრონომიისა და გასტროტურიზმის მხარდასაჭერად, ასევე სასწავლო ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც საგრძნობლად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის ჩართვას ამ მიმართულების განვითარებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button