მთავარისაერთაშორისო

ივანიშვილთან ბრძოლაში წინა ხაზზე ვიქნები, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო არაა: სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, ახლა არა გაყოფის, არამედ გაერთიანების დროა.

ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს on.ge.

როგორც სააკაშვილი ამბობს, საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ქვეყანა, ან გაიმარჯვებს და მესამე ვარიანტი არ არსებობს.

“მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები”, — განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button