პოლიტიკა

ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა – აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის კვლევითი დოკუმენტი

,,მთავარი არხი” წერს, რომ 64 წლის რომ ხარ, ესენი კაი ხნის ნასწავლი უნდა გქონდეს. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ დედ-მამა გარიგებდა, ამასთან იმეგობრე, იმასთან – არაო. თავის დროზე იქნებ გასწავლეს კიდეც, მაგრამ 90-იანების რუსეთში მილიარდების მშოვნელ კაცს რა ხალხთანაც მოგიწევდა საქმის დაჭერა, ეგეც გასაგებია. მოკლედ, წულუკიანი და ღარიბაშვილი მაგის მთქმელები არ არიან, მაგრამ უნდა იცოდე – ცუდ კამპანიაში ხარ მოხვედრილი, ბატონო ბიძინა.

„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა გავრცელდეს დეზინფორმაციის ლიდერებზეც. რუსეთის აგენტებსა და პროპაგანდის ხელმძღვანელებზე, რომლებიც პუტინისთვის მუშაობენ… მაგალითად, ევგენი ევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე… დღეს მოქმედი სანქციები მიზნობრივად ვერ აზიანებს პუტინის საგარეო მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის ინტერესების შესაბამისად ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში. ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პრორუსი ოლიგარქი და აგენტია, რომელიც საკუთარ მედია-იმპერიას მავნებლური დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.“

ყველაზე ლოგიკური კითხვა, რომელიც ამ ხალხთან ერთად შენი ხსენებით ჩნდება – როგორ მოხვდი მანდა? პუტინთან, ევტუშენკოვთან და მედვედჩუკთან ერთად დოკუმენტში სახელად „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა.“ ქვეთავში – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება.

აი, ეს ნამდვილად ქართული დიპლომატიისა და თავისუფალი სუნთქვის რვაწლიანი ეპოქის მწვერვალია – “ქართული ოცნება” ამერიკის რესპუბლიკური პარტიის სტრატეგიული კვლევის კვლევას გვპირდება. მაგრამ, პარტიულ იერარქიაში ზალკალიანზე გაცილებით მაღლა მდგომი კობახიძე იმედოვნებს, ჩემი ამომრჩეველი 120 გვერდს ინგლისურად მაინც არ წაიკითხავს და ქართულ -ჯიგრულად, ჩვენ რომ ვიცით, მოდი, ისევ ნაციონალებს დავაბრალებ ყველაფერსო

დაბალი რანგის დოკუმენტს ხელს 13 კონგრესმენი აწერს. 13-ის უკან 150-მდე მამალი რესპუბლიკელი დგას, ვინც პარტიის კვლევით კომიტეტს შეადგენს. მათ უკან კი – მმართველი პარტია და პრეზიდენტი. რომელსაც ხუთ თვეში არჩევნები აქვს და გუნდის მომზადებულ ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვას უნდა დაეყრდნოს.

„კონგრესმა უნდა გასცეს მანდატი სანქციებზე იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც რუსულ პროპაგანდას ხელმძღვანელობს და ძირს უთხრის ამერიკის პარტნიორებს ყოფილ საბჭოთა კავშირში. კონგრესმა უნდა მიმართოს სახელმწიფო დეპარტამენტს კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების საკითხზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიას აფინანსებენ“.

ირაკლი კობახიძეს არ უთხრათ, მაგრამ, მისი აზრით უმნიშვნელო დოკუმენტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანმა რესპუბლიკელებმა ძალიან მნიშვნელოვან დროს მოამზადეს, ერთს სანქციები უკვე დაწესებული აქვს. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა, ანუ ფინანსთა სამინისტრომ ვიქტორ მედვედჩუკი შავ სიაში ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაწერა. იმ როლისთვის, რომელიც მან უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაში შეასრულა. მედვედჩუკი იყო რუსეთის გავლენის მთავარი არხი და დღესაც მუდამ უსვამს ხაზს, რომ მისი შვილის ნათლიები პუტინი და მედვედევის მეუღლე არიან.

ნათელ-მირონობას გზა არც იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ დაუკარგავს. მედვედჩუკისთვის მუდამ ღიაა პუტინის კაბინეტიცა და დუმაც. მისი საპარლამენტო ფრაქციის ოკუპანტთან თანამშრომლობის ბრალდებებს ზუსტად იმასვე პასუხობს, რაც ქართულადაც ბევრჯერ მოგვისმენია – ანტირუსული ისტერიით ჩვენი ეკონომიკა ზარალდება და საერთოდაც, მერე რა, რომ ომი არ დამთავრებულა – მთავარია, პრაგმატულები ვიყოთ.

უკრაინელი ოლიგარქი არასდროს მალავდა, რომ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში. და ამასვე აპარებენ მაყურებელს მისი ტელევიზიები – ნიუსვან, ზიკი და უკრაინა 112.

ევგენი ევტუშენკოვს ჩვენში ნაკლებად იცნობენ. მაგრამ იმიტომ არა, რომ ვინმეზე ნაკლები მავნებელია. პირადი ქონება შეიძლება სულ რაღაც 2.1 მილიარდი დოლარისა აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ფლობს კორპორაცია სისტემას. მეტი სიახლოვე რომ იგრძნოთ – სისტემას პირველი ვიცეპრეზიდენტი წლების განმავლობაში რაინდი ლევან ვასაძე იყო. კორპორაცია ფლობს რუსული კავშირგაბმულობის გიგანტის მტს-ის 60 პროცენტს, რომელიც ღირებულებაც რვა მილიარდი დოლარია. ევტუშენკოვი არის რუსეთში ყველაზე დიდი მიწათმფლობელი – საერთო ჯამში, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულებისა. მხოლოდ მისი ტყეების ჯამური ფართობი 74 ათასი კვადრატული კილომეტრია. მეტი, ვიდრე საქართველო აფხაზეთიან-ცხინვალიანად. ყველაზე საყურადღებო კი ამ კორპორაციის სამხედრო მრეწველობაა – ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ამ სფეროში 10 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 2019 წელს კავშირგაბმულობის, ნავიგაციისა და დაზვერვის ტექნიკის გაყიდვით 400 მილიონი დოლარი მოგებად მიიღო.

„მიამიტები არ ვართ. ყველას გვესმოდა, რომ სანქციებს დაგვიწესებდნენ. საკითხავი იყო – ერთი თვით ადრე თუ გვიან. დიახ, სანქციები იქნება. კარგია თუ ცუდი? ცუდია. გავუძლებთ? დიახ, გავუძლებთ. ეს ბრძოლისუნარიანობას გვიძლიერებს“.

ევტუშენკოვის სანქცირების საკითხი ჰაერში 2018 წლიდან ჰკიდია, როდესაც გაჩნდა ცნობა ყირიმში მისი მშენებლობების შესახებ. ამბავი, როგორც ჩანს, ახლა მომწიფდა და ვეღარც უკრაინის პრეზიდენტებისგან სამჯერ ჯილდოდ მიღებული სახელობითი იარაღი უშველის და ვეღარც ლუქსემბურგის საპატიო კუნსულის სტატუსი, რომლითაც 2009 წელს დიპლომატიური იმუნიტეტი მიიღო. ესეც კიდევ ერთი სიგნალი რუსის ყველა ოლიგარქს, ვისაც რომელიმე ჯუჯა სახელმწიფოს საპატიო კონსულობას შეფარების იმედი აქვს. მაგალითად სან-მარინოსი.

რესპუბლიკელთა კვლევაში გლობალური საფრთხეები გაცილებით ფართოდ არის გაგებული, ვიდრე ეს ტრადიციულად ხდებოდა.

“კონგრესმა უნდა დაუწესოს სანქციები სისტემა SWIFT-ს, სანამ ის არ გააძევებს რუსეთს თავისი კოდური სისტემიდან… შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ატარებენ სამხედრო წვრთნებს რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. „ფინანსური წვრთნებით“ კი რუსეთი დაინახავდა, მისი აგრესიის შემთხვევაში რამდენად სწრაფად შეგვიძლია მასშტაბური სანქციების დაწესება და ანგარიშების გაყინვა… მსგავსი სასჯელი სწრაფად უნდა შემოვიღოთ, თუკი რუსეთი გააგრძელებს შეჭრას უკრაინაში ან წამოიწყებს აგრესიას ბალტიის ქვეყნებში ან საქართველოში“.

საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები რესპუბლიკელთა კვლევაში მართლაც ცალკე ქვეთავად არის განხილული. დოკუმენტი სთხოვს კონგრესს, დაამტკიცოს ჩვენთვის ამერიკული იარაღის მოყიდვა, დაგვეხმაროს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და დაუწესოს სანქციები აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებათა დამრღვევებს. მოკლედ, ამერიკელები მზად არიან, უფრო მეტად აიღონ თავზე საქართველოს უსაფრთხოების გარანტორობა. თუმცა, მგონი, მათი დახმარება აღარ გვჭირდება. გარანტორის ადგილი დაკავებული ყოფილა.

თუ იუსტიციის მინისტრს კონსტიტუცია არ აქვს წაკითხული და არ იცის, ვინ არის მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი, ის ხელისუფლება ქვეყანას სადამდე მიიყვანს? ქართველი რესპუბლიკელი ამერიკელ რესპუბლიკელთა დასკვნას ეთანხმება – რუსის ორღობემდე.

ნოემბერში შეერთებული შტატები პრეზიდენტს ირჩევს. საჯაროდ უმნიშვნელოს კი უწოდებს, მაგრამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ “ქართული ოცნება” ალბათ უკვე გიგანტურ ხეებს ავედრებს დემოკრატი კანდიდატის გამარჯვებას. თითქოს აქამდე დემოკრატებს არ ეწერათ ასევე უმნიშვნელო წერილები პოლიტპატიმრებზე, ან გაფრთხილებები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე. ოლიგარქი თუ პუტინის მოკავშირედაა წოდებული და ამერიკის გლობალური საფრთხეების ჩამონათვალში მოხვდა, პატარა, მაგრამ რთული არჩევანი აქვს – პოლონიუმიანი ჩაი ან გუანტანამოს დიეტა. და სანამ რუკაზე ამ დასახელების ადგილს სწავლობს, მთელმა დუნიამ უკვე ისწავლა – საქართველოში, სინამდვილეში, სამი საოკუპაციო რეჟიმი ყოფილა – სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში.

ნახეთ მეტი
Back to top button