მთავარისაზოგადოება

მიმაჩნია, რომ კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ არ დამთავრებულა — თენგიზ ცერცვაძე

,,News.on.ge” წერს, რომ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება, კორონავირუსის შემთხვევების ზრდას, იგი აღნიშნავს, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს.

“განგაშის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გადავაჭარბოთ ჩვენი თავისუფლებებით. ჯერ კორონავირუსი არსად წასულა. ის კვლავ აქ არის. ლაპარაკი, რომ ეს პირველი ტალღაა თუ მეორე, უსაგნო ლაპარაკია. მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია”, — განაცხადა ცერცვაძე რუსთავი 2-თან საუბრის დროს.

ცერცვაძის თქმით თეორიული შანსი იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა კვლავ დაბრუნდეს, არსებობს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ამის საჭიროება არაა.

“ამის საჭიროება გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნება შემთხვევების დრამატული მატება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია”, — აღნიშნა ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის სულ გამოვლენილია კორონავირუსის 864 შემთხვევა, რომელთაგან 703 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ამასთან, 13 ივნისს ვირუსის შედეგად მე-14 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. 68 წლის პაციენტი 4 აპრილიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 70 დღე მკურნალობდა.

“სეფსისის ცენტრიდან გამოიყვანეს, სადაც კოვიდინფიცირებაზე ჰქონდა დასმული დიაგნოზი. შედეგად განვითარებული იყო მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისას პაციენტი კრიტიკული იყო. სამწუხაროდ, ვერ ხდებოდა ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, რადგან დაზიანების ინდექსი იყო მაქსიმალური”, — განაცხადა ლევან რატიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button