
დღეს, საფრანგეთი, ისევე როგორც სომხეთი, ჯანმრთელობის, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას. ასე იწყება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წერილი სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისადმი. „ძვირფაო ნიკოლ, ეპიდემიამ არ უნდა გვაიძულოს, რომ ჩამოვრჩეთ, პირიქით ეპიდემია უნდა გახდეს თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობა”, – წერს მაკრონი და ხაზს უსვამს იმას, რომ მოხარულია, რომ ფაშინიანი და მისი ოჯახი გამოჯანმრთელდნენ კოროვირუსისაგან.
მაკრონის სიტყვებით, საფრანგეთი მზად არის კონკრეტული დახმარება გაუწიოს სომხეთს. ”საფრანგეთი თქვენს გვერდით არის ევროკავშირის დახმარების პროგრამაში შეტანილი საკუთარი წვლილით და ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერით. უახლოეს დღეებში, საფრანგეთი გამოაგზავნის მოხალისე ექიმთა ახალ ჯგუფს სომხეთში, რომელიც ჩაანაცვლებს ადრე ჩამოსულებს, რომლებიც ეხმარებიან თავიანთ სომეხ კოლეგებს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ”- წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (ADF) წყალობით, რომელიც უკვე მოქმედებს სომხეთში, საფრანგეთი მზადაა უზრუნველყოს სახელმწიფო სესხი 50-80 მილიონი ევროს ოდენობით, რაც საშუალებას მისცემს ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საბიუჯეტო დაფინანსების დამატებითი საჭიროებები. ”ეს პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას და განხორციელდება სხვა სასესხო ორგანიზაციებთან ერთად, მაგალითად, მსოფლიო ბანკთან. აქცენტი შეიძლება გაკეთდეს ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, ასევე პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებისაკენ“,- წერს მაკრონი.
დასასრულს, საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საერთო გასაჭირი კიდევ უფრო გაძლიერდებს სოლიდარობასა და მეგობრულ ურთიერთობებს სომხეთსა და საფრანგეთს შორის.