ეკონომიკა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 18,3 მილიარდი დოლარი შეადგინა

,,News.on.ge” წერს, რომ ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18,3 მლრდ დოლარი (60,1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103,7 პროცენტია.

როგორც სებ-ში ამბობენ, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350,9 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 318,6 მლნ დოლარით შემცირდა, ფასის ცვლილებების გამო — 179,0 მლნ დოლარით შემცირდა, სხვა ცვლილებების გამო 29,4 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 176,1 მლნ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7,8 მლრდ დოლარი (25,6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44,1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5,7 მლრდ დოლარი (18,7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32,3 პროცენტი). ეროვნული ბანკის ვალდებულებები 443,9 მლნ დოლარია (1,5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2,5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები 755 მლნ დოლარი (2,5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი) და 876,4 მლნ დოლარია (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4,4 მლრდ დოლარი (14,5 მლრდ ლარი; მშპ-ს 25 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა — 4,4 მლრდ აშშ დოლარი (14,6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25,2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა — 3,3 მლრდ დოლარი (10,8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18,7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89,8 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10,6 მლრდ დოლარი (34,8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4,3 მლრდ დოლარია (14,3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24,6 პროცენტია.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close