პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

„დღეს ისტორიული დღეა. მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც წარმოადგენს დღეს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და ასევე ყველა წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რეალურად ყველა უჭერს მხარს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 150-დან 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა სამი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები არის პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი.

დღეს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ.

დღეს არსებული სისტემისგან განსხვავებით, პარტიებს შორის ადგილების გადანაწილება პარლამენტში გამოითვლება ახალი ფორმულით, რომელიც პროპორციული არჩევნების შედეგებზეა ორიენტირებული.

ამ ფორმულის მიხედვით, იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვა, ე.წ. 40%-იანი „ჩამკეტი“ – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

თუ შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დადგენილ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ გადაანაწილებენ სხვა პარტიებსა და ბლოკებს შორის, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ნახეთ მეტი
Back to top button