ეკონომიკა

მინისტრი ვერ აზუსტებს აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები აგვისტოდან

,,ნეტგაზეთი” წერს, რომ ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვერ აზუსტებს, აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით აგვისტოდან.

“ამ ეტაპზე ვერ გეტყვით”, – ამბობს მაჭავარიანი. მისი თქმით, “სელექტიურად შეიძლება გაიხსნას, ანდა კონტროლის სხვადასხვა მექანიზმით”.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, საზღვრების გახსნას შეიძლება კიდევ ერთი-ორი თვე დაელოდოს მთავრობა, ამ დროის განმავლობაში კი მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას დააკვირდნენ. ამის შესახებ მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური აფეთქების თავიდან აცილება უფრო მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომაც არ გახსნა საქართველოს საზღვრები ამ დრომდე.

“ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ არ გავხსნით საზღვარს არავისთან, მაგრამ ამას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, ან ქვეყნები შეირჩეს სწორედ, ან წესი მიმოსვლის. იქნება ეს ტესტირება თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების წესები, ისე დადგიდნეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას.

ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის ადეკვატურია. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ერთი-ორი თვისთვის ეს ადეკვატურია. იმის მიხედვით, ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, გაუარესდება თუ გაუმჯობესებისკენ წავა, შეიძლება ამ საკითხს ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ. ეს არის ზოგადი ფილოსოფია, რაც დგას იმის უკან, თუ რატომ დღესვე არ გავხსენით საზღვრები”, – განმარტა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის განცხადებით, საზღვრების გახსნისას ტურისტების მცირე რაოდენობა შემოვა, რაც ეკონომიკისთვის “ზღვაში წვეთია” თუმცა შანსი იმისა, რომ მათ ვირუსი გაავრცელონ, მაღალია. შესაბამისად, საბოლოოდ შესაძლოა ამან ეკონომიკაზე უარყოფითად იმქომედოს:

“ეპიდემიის თვალსაზრისით საზღვრების გახსნას მაღალი რისკი აქვს. მაგალითად, ჩვენ, სავარუადოდ, 10 მილიონ ტურისტს ველოდით წელს მინიმუმ, წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს, ეს არის ზღვაში წვეთი ეკონომიკისთვის, მათი 1%-იც რომ იყოს დაინფიცირებული, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. შედეგად, შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებული და ეკონომიკური აქტივობა ვარდება. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ ამ შემთხვევაში, რისკი [ვირუსის გავრცელების] და სიკეთე [საზღვრის გახსნის] მაინცდამაინც ვერ ბალანსდება”, – განმარტა მაჭავარიანმა.

მთავრობის თავდაპირველი გეგმით, რეგულრაული ფრენები კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების ნაწილთან ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა შეიცვალა და ფრენების აღდგენა აგვისტომდე გადავადდა. ამის პარალელურად დაინიშნა ჩარტერული ფრენები რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ასრულებს. ეკონომიკის მინისტრმა დღეს ჩარტერული რეისებში სხვა კომპანიების ჩართვაც არ გამორიცხა.

ნახეთ მეტი
Back to top button