საერთაშორისო

ანაკლიის ნაცვლად რუსული ტამანის პორტი და გაფლანგული მილიარდები

როგორც „ნეუპოსტს.გე“ წერს, რუსეთმა შავ ზღვაზე ანაკლიის კონკურენტი პორტის მშენებლობა დაასრულა – მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ნაცვლად ღრმაწყლოვანი პორტი რუსეთში, ტამანში ამოქმედდა, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებში და საექსპერტო წრეებში კიდევ უფრო გაღრმავდა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებით, რუსული დავალება შეასრულა.

ყველა თანხმდება, რომ საქართველომ უზარმაზარი ინვესტიციაა დაკარგა. მაშინ კი, როცა ივანიშვილის გუნდი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ებრძოდა, რუსეთის ხელისუფლება აფინანსებდა და ავითარებდა მის ღრმაწყლოვან პორტს.

მოკლედ ტამანის პორტზე:

ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტი No. 1 ნავმისადგომი სამხრეთ რუსეთში იქნება პირველი, რომელიც 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს. რუსეთში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს მინერალური რესურსების ექსპორტი.

ამჟამად ექსპლოატაციაში შეყვანილია ტამანის პორტის ოთხივე ნავმისადგომი, სადაც ღრმაწყლოვანი სამუშაოები პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფარგლებში ჩატარდა.

ნავმისადგომებზე განთავსებულია გემებიდან ან გემებზე გადასატვირთი ტრანსპორტი, რომლებიც საათში 14,000 ტონას ტვირთავს.

ვარაუდობენ, რომ ტერმინალის გამტარუნარიანობის ზრდის შედეგად, დატვირთვის სიჩქარე საათში 30,000 ტონას გაუტოლდება.

რა დაკარგა საქართველომ ? – მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არაერთგზის გაკეთებული განცხადებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რაც სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პრემიერ ბახტაძესთან ღიად განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავაც დაპაუზებულ რეჟიმში დატოვა პორტის მშენებლობის პერსპექტივა. ამ ფონზე კი რუსეთის მიერ შავ ზღვაში ტამანის პორტის მშენებლობის დასრულება საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში აჩენს ობიექტურ ეჭვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების საეჭვო დუმილი, კრემლის მოქმედებისთვის ხელშეწყობის მიზანმიმართული ნაბიჯი იყო.

“ნიუპოსტი” შეეცადა გაერკვია, გაუწია თუ არა ივანიშვილის გუნდმა ანგარიში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, როცა ანაკლიის გაჩერებით საქართველომ უდიდესი ინვესტიცია დაკარგა.

“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, რუსეთს ტამანის ნავსადგურის მშენებლობის პროცესს, გეგმაზომიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ, პოლტიკურად გამართული ხედვა გააჩნია.

ექსპერტს ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებამ რუსული ინტერესი გაატარა:

„რუსეთის სახელმწიფოს ქმედება არის ძალიან მიზანმიმართული, ჩვენი სახელმწიფოს ქმედება გაურკვეველი და ქაოტურია, რაც მაფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს ქვედა დინებებს და ამიტომ აკეთებს ანაკლიის პორტის ბლოკირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ნაკლებად აქტიურობა გაურკვეველია. ამიტომ გაჩნდა მკაფიო დასკვნა, რომ საქართველო ხელისუფლება აბსოლუტურად მოქმედებს რუსული ინტერესების გავლენის ქვეშ”- აღნიშნა ექსპერტმა.

ცაგარეიშვილმა ჩვანთან საუბარი ტამანის ნავსადგურის მშენებლობის გაგმაზე და იმ მოგებაზე საუბრით დაიწყო, რასაც რუსეთი რეგიონისგან მიიღებს:

„ვიდრე ტამანის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება დღის წესრიგში დადგებოდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაინახა რომ ბათუმსა და ფოთში კონტეინერების მოზღვავებას ჰქონდა ადგილი, ნოვოროსისკის ნავსადგურის საკონტეინერე სიმძლავრე 350 დან 7 00 ათასამდე გაზარდა. პარალელურად ტამანის ნავსადგურში ის ცდილობს 1,5 კონტეინერის სასაწყობე და სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას. მესამე ასპექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჯაჭვში – ტამანის ნავსადგურიდან კასპიის ზღვამდე, რუსეთს გათვალისწინებული აქვს ვოლგადონის არხის პარალელურად, ევრაზიის არხის გაყვანა და კასპიის ზღვაზე ახალი ნავსადგურის ლაგანის მოწყობა. ამით ის დააკავშირებს კასპიის ზღვას აზოვის ანუ შავ ზღვას და ამით შექმნის გარკვეულწილად სიმძიმის ცენტრს, რომ მთლიანი ტვირთნაკადი,რომელიც ჩაისახება აზიაში, ჩინეთში იქნება თუ იაპონიაში და სხვა, ავტომატურად მიეწებება ტამანის ნავსადგურს. ეს არის რუსეთის გეგმაზომიერი პოლიტიკა. თუმცა ამ პოლიტიკაში არის გეგმაზომიერი მარცვალი, რასაც ჩვენ არ ვითვალისწინებთ – რუსეთის სახელმწიფო კატალიზატორია. წინ უდგას როგორც ფინანსური უზრუნველყოფით, ასევე ტვირთების მოძიების თვალსაზრისით, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. რუსეთის მთავრობა ცდილობს ყველანაირად, რომ განავითაროს ტამანის ნავსადგური, მიაღწიოს სასურველ სიღრმეებს და ამით უზრუნველყოს გლობალური ტვირთნაკადების მოზიდვა. ამისთვის სახელმწიფომ მილიარდობით თანხა უკვე მოიზიდა და გვერდში უდგას ტამანის პორტს“- აცხადებს პაატა ცაგარეიძვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ანაკლიის ნავსადგური ჩაიძირება, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციასაც ეკარგება აზრი და პროექტისთვის დახარჯული მილიონები წყალში გადაყრილად ჩაითვლება.

„2011 წელს ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც უღელტეხილზე სიმძლავრეების გაზრდას ითვალისწინებს. თუ დღეს 17-20 მილნ. ტონის გატარება შეგვიძლია, რეკონსტრუქციის შედეგად, დაახლოებით, 47 მლნ. ტონამდე ავდივართ. ისეთ ვითარებაში კი, თუ ანაკლიის ნავსადგური ჩაფუშული იქნება, ამ მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას აბსოლუტურად ეკარგება აზრი. 250-300 მლნ. დოლარამდე უკვე დახარჯული პროექეტის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ინვესტიციები, რომელიც სახელმწიფომ ჩადო, მისი ამოღების შანსები ძალიან დაბალია.

მეორე რასაც დავკარგავთ არის შემდეგი – დღეს ჩვენ გვაქვს ზღვა, თუმცა არ ვართ საზღვაო ქვეყანა. არც სანაოსნო გაგვაჩნია, არც საკუთარი ტვირთი გაგვაჩნია, არც საკუთარი გემები, მაგრამ ანაკლიის აშენების შემთხვევაში, ჩვენ შევქმნიდით ძალიან კარგ ბიზნეს გარემოს, ტვირთების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი სანაოსნო კომპანია შეგვექმნა და მის შესაძლებლობას პროექტის არგანხორციელებით მკაფიოდ ვუშვებთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ვერ ვიყენებთ ეს არის საბორნე გადაზიდვები – ფოთსა და ბათუმში სარკინიგზო, საავტომობილო საბორნე გადაზიდვები მართალია არსებობს, მაგრამ ისეა შეზღუდული ადგილმდებარეობა, რომ მისი განვითარების პერსპექტივა არ არის. არადა, შავ ზღვაზე ყველა მეზობელს გააჩნია ბორნები, საქართველოს – საზღვაო ქვეყანას, კი საკუთარი ბორანიც კი არ გააჩნია. საბორნე გადაზიდვების განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ცარიელ ტერიტორიაზე ანაკლიის ნავსადგურის აშენება.

ამასთან, დერეფნის მთელს სიგრძეზე, დაწყებული ყაზახეთიდან, აზერბაიჯანით დასრულებული, თითქმის ყველგან გაძლიერდა საპორტო ინფრასტრუქტურა, გაძლიერდა სიმძლავრეები. ჩვენ, ფოთსა და ბათუმში გვექმნება ვიწრო ყელი, რითაც მთალიანად დერეფნის განვითარებას ესმება ჯვარი. ეს ხდება მაშინ, როცა ანაკლიის პორტი არ აშენდება”- აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის საპირწონედ ფოთის პორტის დასახელება ტყუილი და აბსურდია, რადგან ფოთის პორტი მისი მდებარეობის გათვალისწინებით ვერასდროს შეძლებს იმ მოცულობის გამტარუნარუიანობას, რაც შეეძლო ანაკლიის პორტს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული ინტერესის გატარებაზე საუბრობს პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე

“საქართველო თავის გეოგრაფიული მდებარეობით იმყოფება ოთხ სხვადასხვა ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე და ჩვენი მთავარი ფუნქცია და მთავარი შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით სახელმწიფოს შექმნით, ჩამოყალიბების და სხვადასხვა საგარეო გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობა მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, დამაკავშირებელი რგოლი ამოსავლეთსა და დასავლეტს შორის ანუ ევროპასა და აზიას შორის, რაც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესის მთავარი ფუძე. სწორედ ამას ებრძვის რუსეთი, ამის წინააღმდეგ არის გადადგმული ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი დგამს საქართველოს და კავკასიის წინააღმდეგ . ეს იქნება პოლიტიკური ზეწოლა, იქნება სამხედრო ინტერვენცია, ტერიტორიების ოკუპაცია… სხვა ინტერესი რუსეთს ჩვენთან მიმართებაში არ გააჩნია.

ჩვენ ვართ მათი ალტერნატიული შესაძლებლობა ორ სხვადასხვა ცივილიზაციას შორის სავაჭრო კომუნიკაციების აგების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი და ის სხვადასხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჯაჭვურად არის საქართველოს განვითარების საკითხი ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესს.

ავტორი- დავით ჯავახიშვილი

ნახეთ მეტი
Back to top button
Close