საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სფეროს ინვესტორებს დაეხმარება

,,სპუტნიკი საქართველო“ წერს, რომ საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა, რაც ჰიდრორესურსების მაქსიმალურ გამოყენებასა და „მწვანე ენერგიის” განვითარებას დაეხმარება, განაცხადა ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, დიდხანს მიმდინარეობდა დისკუსიები იმის თაობაზე, თუ როგორ დაეხმაროს სახელმწიფო იმ ინვესტორებს, რომლებსაც მცირე და საშუალო ჰიდროსადგურების განვითარება სურთ.
ენერგეტიკის რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებამ დააარსა ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა განხორციელდება. ამ ბირჟის შექმნის შედეგების საფუძველზე აამოქმედეს წესები, რომლის თანახმად მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირების მსურველები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და აქ მიღებულ შემოსავალთან ერთად დამატებით სახელმწიფოსგან თითოეული გაყიდული კილოვატ-საათისთვის 0,015 დოლარს მიიღებენ.
„ასეთი მექანიზმები, რომელიც წაახალისებს დარგში მეტ ინვესტიციას, აუცილებლად უნდა გვქონდეს ინვესტორებისთვის შეთავაზებული. ეს არის, ნაწილობრივ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილი მექანიზმი, თუმცა, გამოხატულია მხარდაჭერაც სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული”, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ევროპული პრაქტიკაა, რომლის წყალობითაც ინვესტიციები ენერგეტიკაში უფრო მიმზიდველი გახდება. მისი თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
ენერგოუსაფრთხოება პრიორიტეტულია
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 10 წლის შემდეგ საქართველო შეიძლება სერიოზულ ენერგოდეფიციტის წინაშე დადგეს. პროგნოზების თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
ამიტომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია რაც შეიძლება მეტი ჰიდროსადგურის მშენებლობა, რადგან ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მთლიანად დაყრდნობა არ შეიძლება. ქარის სადგურებს ჰიდროენერგეტიკის 100%-ით ჩანაცვლება არ შეუძლია. ამ სადგურებს აქვთ სტაბილურობასა და გენერაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია 13 ახალი ენერგეტიკული პროექტის დაწყება, მათ შორისაა რვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ექსპლუატაციაში კი შევა 14 ახალი ჰიდროელექტროსადგური.