ეკონომიკა

ანალიტიკოსები საქართველოში 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ვარდნას ელოდებიან

,,ფორმულა ნიუსი”-ს ინფორმაციით, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვარდნა 4%-ზე მეტი იქნება. მათი შეფასებით, არსებობს რისკი, რომ მოვლენები ყველაზე პესიმისტური სცენარით განვითარდეს. ეკონომისტებს უჭირთ ზუსტად განსაზღვრონ, რამდენი პროცენტით შემცირდება ეკონომიკა, თუმცა ნეგატიურ მოლოდინს რამდენიმე ფაქტორი უქმნით. მათ შორის, ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც იანვარ-მაისში დაახლოებით 16 პროცენტით შემცირდა.

„ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორია, რომლებიც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე მოქმედებს. ამ ფაქტორებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ შესაძლებელია ძალიან პესიმისტური სცენარი ახდეს. ვხედავთ, რომ, ბოლო თვეების განმავლობაში, ექსპორტი მნიშვნელოვნად მცირდება. შემცირებულია ფულადი გზავნილები, რადგან ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება მოუწიათ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს კლება მომავალშიც გაგრძელდება. ამას თან ერთვის ტურიზმი, რომელიც, ფაქტობრივად, განულებულია. საგარეო ფაქტორების და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გარდა, მნიშვნელოვანია შიდა პრობლემებიც“, – განაცხადა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა დავით კეშელავამ.

შეგახსენებთ, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13,5%-ით შემცირდა. მთავრობამ კი აღიარა, რომ წელს ეკონომიკური ვარდნა -4%-ს გადააჭარბებს. ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის 6 პროცენტით შემცირებას ელის, რაც უკვე კარგა ხანია ცხადი გახდა ანალიტიკოსებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close