კულტურამთავარი

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოუწოდებს აია სოფია დატოვონ „ნეიტრალურ ტერიტორიად“

როგორც „სპუტნიკი -საქართველო“ წერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია  მოუწოდებს  აია სოფია დატოვონ „ნეიტრალურ ტერიტორიად“,

ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფიას ტაძარი სტამბოლში კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, ნათქვამია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიიფ ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭო განიხილავს წმინდა სოფიას (აია-სოფია) საკათედრო ტაძრის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას (ამჟამად ის მუზეუმის სტატუსს ატარებს). თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის ათასი წლის განმავლობაში, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მხარის ეს განცხადება გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, მნიშვნელოვანია ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნება და განმტკიცება.

„ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება. პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს იმედი აქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება.

ტაძრის სტატუსის შეცვლა ოფიციალურად 10 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close