104 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 34,981 მიაღწია
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 104-ით გაიზარდა და 34.981 გახდა. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის რეალურად მკურნალობს 10,620 (-117) ადამიანი, ჩატარებულია 147,108 (+391) ტესტი, ინფიცირებულთა 23,502 გამოჯანმრთელდა (+208). დაფიქსირდა 650 (+9) გარდაცვალება. სხვა მიზეზების გამო დაღუპულთა საერთო რაოდენობაა 209 (+4).
19 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 34,877 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გაგრძელდა.
გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.
ასევე სავალდებულოა ნიღბის ტარება ღია საზოგადოებრივ ადგილებში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს) შეუძლიათ არ ატარონ ნიღაბი.
13 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 12 აგვისტომდე.