მთავარიპოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ  გიგა წერეთელმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის  პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან. როგორც პარტია “ევროპული საქართველო” იტყობინება, მხარეებმა ისაუბრეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისა და შემდგომი ვითარების შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის განცხადებით, ამჟამად არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები, თუმცა ცალკეული დარღვევები მაინც არის.  მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების გაგრძელების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო  ორგანიზაციების ჩართულობა.

თავის მხრივ, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განახლება ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. წერეთელმა ასევე გამოთქვა წუხილი შეტაკების შედეგად მსხვერპლსა და დაჭრილებთან დაკავშირებით.

”სამწუხაროა, რომ ეპიდემიის დროს, როდესაც ჩვენ  უფრო მეტ თანამშრომლობას ველოდებოდით ქვეყნებიდან, ასეთი შეტაკება ხდება და  მოსახლეობა თავს კიდევ უფრო დაუცველებად გრძნობს. ”ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, ეუთოს პრინციპებისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.” – თქვა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლები მუდმივ კავშირში იმყოფებიან  მხარეებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button