არმიას ყველაზე მეტი თანხა სომხეთიდან ჩაერიცხა. ჩარიცხვები მოხდა თურქეთიდანაც

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთში მოქმედი ჯარისკაცების დაზღვევის ფონდმა რამდენიმე დღეში 160 მილიონ დრამზე (1 დოლარი დაახლოებით 480 სრ დრამის ტოლფასია) მეტი დონაცია მიიღო, ჯარის მხარდაჭერისთვის.
20 ივლისს დილით, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ვისაც სურს ჯარის მხარდაჭერა ამა თუ იმ გზით, შეუძლია ფონდში შემოწირვის განხორციელება. ამ ეტაპზე ფონდის ვებსაიტზე ვხედავთ, ვინ რა თანხას გადარიცხავს.
160,7 მილიონი დრამი შეგროვდა 17 ივლისიდან 21 ივლისის 14:00 საათამდე პერიოდში. შემოწირულობა განახორციელეს როგორც სომხეთის მკვიდრმა, ისე ათეულობით სხვა ქვეყანაში მცხოვრებმა სომხებმა. სხვათა შორის, ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა სომხეთიდან – 119 მილიონ დრამზე მეტი. მეორე ადგილზეა გადარიცხვები აშშ-დან – 21 მილიონი დრამი, შემდეგ მოდის კანადა – 3.4 მილიონი დრამი, ხოლო რუსეთი – 2.55 მილიონი დრამი. ყველაზე მეტი შემოწირულობების განმახორციელებელი ქვეყნების პირველ ხუთეულს ბოლოში უდგას საფრანგეთი, საიდანაც ფონდში 2.51 მილიონი დრამია გადარიცხული.
აღსანიშნავია, რომ პირველად ფონდის ისტორიაში, შემოწირულობა დარეგისტრირდა თურქეთიდანაც. მართალია, გადარიცხული თანხა მცირეა – 3400 დრამი, მაგრამ ფაქტი შეიძლება სიმბოლურად მივიჩნიოთ.
შემოწირულობები უფრო აქტიური გახდა 12 ივლისის დაძაბულობის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ- ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით, სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.
ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.
21 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 4 მსხვერპლი, 36 დაშავდა (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).